“ჩვენი გზავნილი ოს და აფხაზ მოქალაქეებთან ასეთია-ერთად ევროპაში”

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ევროპული ინტეგრაციასთან დაკავშირებით ცვლილებები აუცილებლად იქნება.

ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბარში უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებები მას შემდეგ იქნება, როდესაც აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები დაინახავენ, ევროპაში ინტეგრირება საქართველოსთან ერთად უკეთესია.

„ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონში ამ მიმართულებით, ამ ტერიტორიების და მათი მოსახლეობის ევროპული ინტეგრაციასთან დაკავშირებით ცვლილებები იქნება მას შემდეგ და მაშინ, როდესაც აფხაზი და ოსი ჩვენი თანამოქალაქეები დაინახავენ, რომ მათთვის უკეთესია ერთიან საქართველოსთან ერთად ევროპაში ინტეგრირება და არა იმ პროექტში მონაწილება, რომელიც მათ გაცილებით უარეს პრობლემებს უქმნის, ვიდრე მათ ოდესმე წარმოედგინათ საქართველოში მათი ყოფნისას. ასე რომ, ჩვენი გზავნილი ოს და აფხაზ მოქალაქეებთან არის შემდეგი – ერთად ევროპაში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ამაზე საუბრობს და ისიც.

“ეს არ ნიშნავს, რომ ხვალვე აქ რამე შეიცვლება, ეს არ იქნება ორ თვეში, ამას დრო დასჭირდება, რომ ევროპული საქართველო, ევროპაში სრულად ინტეგრირებული საქართველო არის მათთვის უსაფრთხო, წარმატების მიღწევის გარემო. ეს არის მათთვის და მათ შთამომავლებისთვის, როგორც კულტურული იდენტობის შენარჩუნების, ისე ოჯახური, ეროვნული და ადამიანური ამოცანების შესრულების ყველაზე მოკლე გზა. მაშინ ყველაფერი მოხდება. მივმართავთ მათ – ერთად ევროპისკენ. სხვა შემთხვევაში პრობლემები ექნებათ მათაც და ჩვენც“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

წყარო: PIA.GE

Comments
Loading...