“ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ფეხით მოსიარულეთა უფლებები, ასევე ავტომფლობელთა უფლებები”

“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე, რომელიც „სითი პარკის“ წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია, მისი თქმით გარკვეული ძალების მიერ საზოგადოებაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას პასუხობს.
“სამწუხაროდ გარკვეული ძალების მიერ საზოგადოებაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი და როინ მიგირიაულის კანონპროექტი, რომელიც სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტში წარადგინა, მიმართულია ფეხითმოსიარულეთა ინტერსების წინააღმდეგ.
მინდა მკაფიოდ განვმარტო, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ავტომფლობელთა უფლებების დაცვას წარმოადგენს და ყაჩაღი კომპანია „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეთა საკუთრების უფლების უხეშად შელახვის (ავტომობილების მოპარვა) წინააღმდეგ არის მიმართული.
ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ფეხითმოსიარულეთა უფლებები, ასევე ავტომფლობელთა უფლებები. აქედან გამომდინარე გამოვთქვამთ მზაობას კანონპროექტში აისახოს ფეხითმოსიარულეთა უფლებების დაცვის მექანიზმები.
არსებობს ორი ვარიატი:
1. კანონპროექტის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სპეციალურ ავტოსადგომზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორ შემთხვევაში: თუ სატრანსპორტო საშუალება აფერხებს საავტომობილო მოძრაობას, ან ქმნის საცობს. ამ ორ შემთხვევას შესაძლებელია დაემატოს მესამე შემთხვევაც, ტროტუარზე მანქანის გაჩერება. თუმცა ვფიქრობ ეს ზედმეტად მკაცრი სასჯელი იქნება ავტომფლობელთათვის და იქიდან გამომდინარე რომ სითი პარკი არსებულ კანონში ჩანაწერს: „არ აფერხებს მოძრაობას” სათავისოდ კითხულობს და ნებისმიერი ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისას, ფეხით მოსიარულეთა „მოძრაობის შეფერხებით” ამართლებს, არსებობს იმის რისკიც, რომ ამ შემთხვევაშიც სრულიად უწყინარ სიტუაციაში მდგარ ავტომობილსაც გადაიყვანს საჯარიმო ავტასადგომზე.
2. ალბათ უფრო მისაღებია საკითხის ფულადი სანქციის გაზრდის მეშვეობით მოწესრიგება, არსებული ჯარიმის (10 ლარი) გაზრდა ტროტუარზე გაჩერებული ავტომანქანისთვის.
იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნული განცხადება, კანონპროექტის მოწინააღმდეგეთათვის სიტუაციაში რეალურად გასარკვევად სრულიად საკმარისია. კანონპროექტის ოპონენტები თუ კვლავინდებურად გააგრძელებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ხოლო პარლამენტისადმი მოწოდებებს რომ არ დაუჭირონ მხარი ამ ინიციატივას, საკუთარი ნებით აღმოჩნდებიან „სითი პარკის“ ლობისტების რანგში და საზოგადოების წინაშე მოუწევთ პასუხის გაცემა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მათი ეს ქმედება”

– ზვიად ტომარაძე

Comments
Loading...