დარჩიაშვილის მოსაზრებით, ღარიბაშვილის თანამდებობიდან შესაძლო წასვლა „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნას უკავშირდება
ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო წასვლა „ქართული ოცნების“ რეიტინგის კატასტროფულ ვარდნას უკავშირდება. როგორც ჟურნალისტებს დარჩიაშვილმა განუცხადა, „ეს ახალგაზრდა ადამიანი მის მიერ დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება“ და ამის თაობაზე „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია საუბრობს. დეპუტატის მოსაზრებით, ღარიბაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველის – ბიძინა ივანიშვილის სურვილების შემსრულებელია, რომელიც „სოლოლაკის მთაშია გამაგრებული“. „ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ არ მგონია, რომ ღარიბაშვილის პოსტიდან გადადგომა ამას უკავშირდებოდეს. ვფიქრობ, რომ მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლა „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნას უკავშირდება. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ აგებულია ილუზიების ქმნაზე და ტყუილებზე. კონკრეტული სახელების გადანაცვლებით არაფერი არ იცვლება. იყო მოსაზრება, რომ გლეხებს სჯეროდათ ხოლმე, რომ მინისტრი ბოროტი იყო, ხოლო მეფე კეთილი, მაგრამ მე არცერთის მჯერა“, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვოს და პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნოს. მთავრობის ადმინისტრაციაში გავრცელებულ ცნობებს არ ადასტურებენ.