ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპული პარლამენტი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და ამის საფუძველზე, ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელშესახები გახდება ყველა ის სიკეთე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დღეს ბრიუსელში ვიზიტიტის დროს განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის კომენტარი გააკეთა და ბრიუსელში მისი ვიზიტის შედეგები შეაჯამა. კობახიძის თქმით, დღეს მათ კოლეგებთან ევროპარლამენტში და ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდათ. „ვისაუბრეთ ჩვენს პრიორიტეტებზე, ჩვენი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. კონკრეტულად ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან საუბარი გაიმართა იმაზე, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის. კონკრეტულ დეტალებზეც გვქონდა საუბარი ამ კუთხით. რაც შეეხება ევროპიულ პარლამენტში ჩვენს შეხვედრებს, აქაც გვქონდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა. განვიხილეთ საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს დემოკრატიულ განვითარებასთან, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან. იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და კონკრეტული საკითხები განვიხილეთ ჩვენს კოლეგებთან ევროპულ პარლამენტში“, – აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე კომენტარი გააკეთა ხვალინდელი დღის მოლოდინებთან დაკავშირებით. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევრიოპული პარლამენტი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და ამის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ხელშესახები გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა ის სიკეთე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, მოლოდინი ხვალინდელი დღის მიმართ არის ძალიან დიდი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. კობახიძემ მადლობა გადაუხადა აღმასრულებელ სტრუქტურებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ შედეგის დადგომისთვის. „განსაკუთრებით პირადად პრემიერ მინისტრს, რომელსაც განსაკუთრებული პერსონალური წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. ასევე მთავრობის თითოეულ წევრს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ვიზალიბერალიზაციის დადებითად დასრულებაში“, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ
ipn.ge