დავით საყვარელიძე: თავიდან, წერილის ტყორცნას მშვილდ-ისრით ვაპირებდი

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება კომიკურია.

როგორც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, მტკიცებულებების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეს მუხლი უნდა გააქტიურდეს.

„ეს ყველაფერი კომიკურია და ტრაგიკულში გადავიდა. პროკურორმა ერთი უზუსტობა დაუშვა. თავიდან წერილის ტყორცნას მშვილდ-ისრით ვაპირებდი, შემდეგ მტრედებს გავატანე, მალე რომ მიეტანათ. ესეც უნდა დაემატებინათ და სრული სურათი დაიხატებოდა. უნამუსობა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ისინი აკეთებენ. ამას ჰქვია, სისხლის სამართლის დანაშულის მასალების, მტკიცებულებების გაყალბება. ამაზე ცალკე მუხლი არსებობს. ეს მუხლი უნდა გააქტიურდეს, რომ ეს სისტემები და ინსტიტუტები არ იყოს მართული პოლიტიკური ჯგუფების მიერ“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

მისივე თქმით, ის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე არ დაუკითხავთ.

„საქართველოს პროკურატურას ჩემთან სატელევიზიო კომუნიკაცია აქვს. ფალსიფიცირებული, ბრიყვული თხზულებების მეშვეობით, შევარდნაძისდროინდელი უშიშროება და პროკურატურა ამას არ იკადრებდა. სამარცხვინოა, როცა ვნახავ ყველა იმ პროკურორს, რომლებიც კარგად მიცნობენ. პირში ვეტყვი – შოთაძე, გაბიტაშვილი, ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული“, – აღნიშნა საყვარელიძემ.

მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ გამოძიების შუალედური შედეგები გაასაჯაროვა.

გამოძიების შუალედური შედეგების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა საცხოვრებელი სახლის მისამართებზე წერილობითი მიმართვები დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს.

პროკურატურა არ აკონკრეტებს, არის თუ არა აღნიშნული პირი უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე.

Comments
Loading...