დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას გამართავენ
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
დაზარალებულები, ყოფილ პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ, რათა პრობლემის მოგვარების რეალური გზები გამოინახოს.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში პრობლემის მოგვარების რეალური შეთავაზება ვერავისგან მიიღეს. ამიტომ, პრობლემის მოგვარების მიზნით, აპირებენ, რომ ყოფილი პრემიერის სახლთან საპროტესტო აქცია გამართონ.
მათი განცხადებით, საპროტესტო აქცია იქამდე გაგრძელდება, სანამ ყოფილ პრემიერს არ შეხვდებიან.
„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ, გამთენიისას გაჩნდა. დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ.
მოვაჭრეთა ნაწილი აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე „კარფურის“ მსგავს სავაჭრო ობიექტის აშენებას გეგმავდა.