ცოლის მკვლელობაში ბრალდებული სარდიონ (სანდრო) ღვინიაშვილი ციხეში 10 წელს გაატარებს, – ასეთია თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოტანილი ვერდიქტი. მან მეუღლის მკვლელობა 2016 წლის 13 აპრილს, ვარკეთილში, ელდარის ქუჩაზე, ყოფილი 109-ე სკოლის ეზოში ჩაიდინა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა დასახელდა. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მეუღლის განზრახ მოკვლა გადაწყვიტა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ცივი იარაღით კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, 35 წლის ნელი სონიძეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა სარდიონ ღვინიაშვილი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და ბრალი ძალადობით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში წაუყენეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად მაშინვე ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს თავიდანვე აღიარებდა. პროკურატურის მტკიცებით, სასამართლომ პროკურატურის წარდგენილი ყველა მტკიცებულება გაიზიარა და სარდიონ ღვინიაშვილი დამნაშავედ ცნო. როგორც ირკვევა, ეს მისთვის პირველი ნასამართლობა არ არის. 42 წლის სარდიონ (სანდრო) ღვინიაშვილი წარსულიც ნასამართლევია.
როცა დანაშაული მოხდა, მაშინ ითქვა, რომ ამ შემზარავ ფაქტს მათი შუათანა, 6 წლის ვაჟი შეესწრო. ყოფილი 109-ე სკოლაში დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები არიან შესახლებულები და ცოლ-ქმარი იქ შვილებთან ერთად 7 წელი ცხოვრობდა. ისინი კახეთიდან იყვნენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს. უფროსი – 14 წლის არის, ყველაზე პატარა კი 2-წლინახევრის დარჩა უდედოდ.
“სანდრო მანქანის ხელოსანი იყო, ნელი ტყეში დადიოდა, ყვავილებს, ჭინჭარს კრეფდა და ქაშვეთის ეკლესიასთან ყიდდა. ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა, მაგრამ რამდენად უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, ერთ წუთსაც ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ. სანდრო კეთილი ბიჭი იყო, თუმცა პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და უმოწყალოდ სცემდა ცოლს. უცებ ატეხდა ჩხუბს და ვერავინ აშველებდა”, – გვიამბო მაშინ მეზობელმა. ფაქტი იყო ისიც, რომ მკვლელობას თვითმხილველები ჰყავდა და ისინი ჰყვებოდნენ ყველაფერი ისე წამებში მოხდა, გაშველება ვერ შევძელითო:
“დაახლოებით დღის 2 საათი იქნებოდა, როცა სანდრო სახლში დაბრუნდა, ცოლი რომ არ დახვდა, რამდენჯერმე დაურეკა, უყვიროდა, სადა ხარო. ნელი მეზობლის ქმარმა მოიყვანა მანქანით. სანდრო ეზოში დახვდა, ქალი მანქანიდან როგორც კი გადმოვიდა, მაშინვე ცემა დაუწყო. ალბათ, იეჭვიანა, თუმცა ამის საბაბი არ ჰქონდა. თმით ითრია, ძირს დააგდო და წიხლებით შედგა. მერე სანდრომ ჯიბიდან დანა ამოიღო და ქალს ყელში გამოუსვა~, – ამბობდა მაშინ ოჯახის ახლობელი.
წყარო: კვირის პალიტრა