დედოფლისწყაროში „ნაცმოძრაობის“ ოფისი დაცხრილეს
დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაცხრილეს. ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელმაც ოფისის შიდა კედლებიც დააზიანა, თუმცა, იმ დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.
თავდამსხმელის ვინაობა უცნობია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, წუხელ მომხდარი ფაქტი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.
„პასუხისმგებლობის რა გითხრათ. აქედან ორ მეტრში პრემიერ-მინისტრის სიმამრი ცხოვრობს და მაგათ გარეშე ჰაერს ვერავინ ისუნთქებს. როგორც კი ტელევიზიაში მათზე რამეს იტყვიან, იმ წუთში შედეგი ჩვენს ოფისზე აისახება. ეს პირველი შემთხვევა არ არის – ხან ოფისებს, ხან მანქანებს გვიღებავენ, ხან ცეცხლს უკიდებენ და ასე ვართ ყოველთვის“, – აცხადებენ პარტიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები.
დედოფლისწყაროში წუხელ მომხდარ ფაქტს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ პარტიის ოფისის გარდა, დაცხრილულია დეპუტატ ზაზა კედელაშვილის ბიურო.
„ასე მივდივართ ვიზა-ლიბერალიზაციისკენ. წუხელ დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი და დეპუტატ ზაზა კედელაშვილის ბიურო დაცხრილეს“, – წერს ჭიაბერაშვილი.
ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.