დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: ძალიან მალე საზოგადოებას სრულყოფილ სურათს მივაწვდით
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ ბრალდებულის საუბარი ბოლომდე არ გაასაჯაროვა.
როგორც „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ვიდეომასალის დასაწყისი ამოჭრილია.
„ამოჭრილს ვუწოდებ იმას, რომ თუ თავი არ იცი, როგორ იწყება საუბარი, ბოლო და შუაში ისეთი ტექსტი შეიძლება მიიღო, რომელმაც შეიძლება შეცვალოს საუბრის თემა და ამიტომ ვამბობ, ამ ყველაფრის საწყისი უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, დაცვის მხარე მომხდარის შესახებ საზოგადოებას სრულყოფილ სურათს მიაწვდის.
„მაგის დროც ძალიან მალე მოვა. ჩვენი მხრიდან განხორციელდება და საზოგადოებას მივაწვდით სრულყოფილ სურათს.
როგორ შეიძლება დანაშაულის მომზადებაზე საუბარი, როდესაც არ არის გარკვეული თუ სად და ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ე.წ. საწამლავი“, – აღნიშნავს ადვოკატი.
მთავარმა პროკურატურამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა.