დეკანოზ მამა გიორგის ადვოკატი: არ გვაქვს უფლება, საზოგადოებას ჩვენი სიმართლე შევთავაზოთ
როგორც „რუსთავი 2“-ს ადვოკატმა განუცხადა, საზოგადოებას ინფორმაცია ცალმხრივად, ბრალდების მხარის მიერ მიეწოდება.
„აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და კანონმდებლობას ასეთ შემთხვევაში ვერ დავარღვევ. გულდასაწყვეტია, რომ პროკურატურისგან, იმპერატიული ფორმით ისმის შინაარსობრივი ბრალდება ამ ადამიანის მიმართ. არ გვაქვს უფლება, რომ როგორც ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, ჩვენც ვუთხრათ ჩვენი სიმართლე. ჩვენი სიმართლე სასამართლოს შევთავაზეთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენს სიმართლეს ბოლომდე გავიტანთ”,- აცხადებს გიორგი ფანცულაია.
დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი ხვალ საქართველოს მთავარ პროკურატურას წერილით მიმართავს, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მედიასთან დაცვის მხარემაც შეძლოს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. აღნიშნულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლი ითვალისწინებს.
გუშინ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.