დეკანოზ მამალაძის დაკითხვა დასრულდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, თუმცა მხოლოდ დღეისთვის. 8 საათზე მეტი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა პროკურატურისთვის ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად. ე.წ. მატროსოვის ციხესთან პროკურორმა და მამალაძის ადვოკატებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს, თუმცა დაკითხვის შინაარსობრივ დეტალებზე არ ისაუბრეს.

პროკურორის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ ბრალდებულ მამალაძის მიწოდებული ინფორმაცია საკმაოდ ვრცელია, ყველა შეკითხვის დასმა ვერ მოხერხდა:

“ვერ მოხერხდა ყველა შეკითხვის დასმა. გაგრძელდება დაკითხვა აუცილებლად. საკმაოდ ბევრი შეკითხვა გვაქვს და კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩნდა როდესაც ეს ინფორმაცია მოვისმინეთ. ეს შეკითხვები დაისმება და ბრალდებულსაც მოუწევს ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი.”

მისივე თქმით, ვინაიდან არ დასრულებულა ბრალდებულისგან სრულყოფილი ინფორმაციის მიღება ის სამართლებრივ შეფასებას ვერ გააკეთებს:

“სანამ არ დასრულდება სრულყოფილი ინფორმაციის მიღება სრულიად არასერიოზულია ამ ეტაპზე სამართლებრივი შეფასებების გაკეთება.”

რაც შეეხება ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებს, მათი განცხადებით, იყო რამდენიმე კითხვა, რომელზეც გიორგი მამალაძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და მათზე პასუხის მისაღებად პროკურატურას მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სთხოვა.

ამასთან არც ადვოკატები საუბრობენ დაკითხვის შინაარსზე, თუმცა ამბობენ, რომ იმედი აქვთ, დეკანოზის მიცემული ჩვენება “რეალურად დააფიქრებს ამ საკითხზე საქართველოს მთავარ პროკურატურას და რეალურად დაიწყებს [პროკურატურა] არა თავდაპირველი ვერსიის, არამედ სხვა ვერსიების განხილვას.”

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 27 თებერვალს, დაახლოებით 11 საათზე დაიწყო.

on.ge

Comments
Loading...