დეფიციტის გამო ხორცი ძვირდება

ახალი წლიდან მოყოლებული საქონლის ხორცი დაახლოებით 2-3 ლარით გაძვირდა, ცხვრის ხორცი კი 1,5-2 ლარით. როგორც გაირკვა, ამის მიზეზია ის, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხორცის დეფიციტია. დეფიციტს ქვეყანაში რამდენიმე ფაქტორი იწვევს. მათ შორის, საქართველოდან ცოცხალი საქონელი მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონებში გაჰყავთ, მეორე კი, ის, რომ, ბოლო პერიოდია საქონლის ხორცით საქართველოს შეირაღებული ძალები მარაგდება.

სურსათის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აზერბაიჯანში, ეგვიპტეში, ერაყში, საუდის არაბეთსა და სირიაში ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი არ ხორციელდებოდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 2008 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ იზრდება. 2008 წელს ქვეყნიდან 584.4 ათასი დოლარის ცოცხალი საქონლის ექსპორტი განხორციელდა, 2016 წელს წელს კი ეს მაჩვენებელი 36,841.6 ათას დოლარამდე გაიზარდა. 2015 წელს კი ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტმა 20,103.4 ათასი დოლარი შეადგინა.

კიდევ ერთი პრობლემა – წარმოების შემცირებაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ხორცის წარმოება თითქმის 9,6 ათასი ტონით შემცირდა. თუ 2015 წელს ქვეყანაში ხორცის წარმოება იყო 62,1 ათასი ტონა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 52,5 ათასამდე შემცირდა.

დეფიციტის მიზეზი
ქვეყანაში მოქმედ სასაკლაოებსა და ხორცის-პროდუქტების მაღაზიებში აცხადებენ, დეფიციტის გამო ბოლო რამდენიმე თვეა საქონლის ხორცზე ფასიც დაახლოებით 2-3 ლარით გაიზარდა. მათივე განცხადებით, დეფიციტის მიზეზი ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანამ წარმოქმნა.

სწორედ გაზრდილი ექსპორტს ასახელებენ სასაკლაოებში საქონლის ხორცის დეფიციტის მიზეზად. როგორც „იბერმითში” აცხადებენ, ბოლო პერიოდში საქონლის ხორცის ფასმა 3 ლარამდე მოიმატა, რადგან დეფიციტია, რაც ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტმა გამოიწვია. ცოცხალი საქონელი არაბეთის ქვეყნებსა და აზერბაიჯანში გადის. “რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაიზარდა ამ ქვეყნებიდან ინტერესი, ნამდვილად ვერ გეტყვით “, – განაცხადეს „იბერმითში”.

„საქონლის ხორცის დეფიციტი დიდია. შემცირდა სულადობაც. კლება ქვეყნიდან ცოცხალი საქონლის მასიურმა გადინებამ გამოიწვია. ისინი დიდ თანხებს იხდიან და საქონელს მაღალ ფასში იბარებენ. ხალხს კი ურჩევნიათ მათ მიჰყიდოს საქონელი. ძირითადად, ცოცხალი საქონელი არაბეთის ქვეყნებში გადის”, – აცხადებს შპს „მატადორის” ხელმძღვანელი იოსებ კოხტაშვილმა.

ხორცზე მაღალ მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსზე საუბრობენ შპს „გუდელისშიც“. კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ხალუღელაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ცოცხალი საქონლის ხორცის დეფიციტია. მისი ინფორმაციით, გარშემო ყველა იმას ამბობს, რომ ხორცს ვერ შოულობენ. კლების მიზეზი კი ცოცხალი ხორცის ექსპორტზე გატანაა.
აღსანიშნავია, რომ ხორცის გაძვირება კვლევებითაც დასტურდება. როგორც ცნობილია, იანვარში საქართველოში საცალო პროდუქტების ფასების ინდექსი გაიზარდა. თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა “აისეტის” მონაცემებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ფასების ზრდამ 10,1% შეადგინა. კვლევის ავტორთა ინფორმაციით, ყველაზე მეტად სწორედ ღორის ხორცის ფასი გაიზარდა, ზრდამ 35% შეადგინა.

საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტიის გამო ხორცპროდუქტების მწარმოებელები ბაზარზე არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ. „ვაკის ხორცპროდუქტების” გენერალური დირექტორი ლევან ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საქონლის ხორცის დეფიციტი არსებობს და თან საკმაოდ მწვავედ. მისი განცხადებით, პროდუქციის გაძვირების დიდი ალბათობა არსებობს.

მისი განმარტებით, ნაადრევია იმის თქმა, დაიხურებიან თუ არა პატარა კომპანიები, თუმცა, სიტუაცია აუცილებლად დარეგულირებას საჭიროებს. როგორც ჩხაიძე განმარტავს, „ვაკის ხორცპროდუქტები” ამ დროისთვის პროდუქციის გაძვირებას არ აპირებს. თუმცა, თუ ვითარება არ შეიცვალა, არც ეგაა გამორიცხული.

„იმედი მაქვს, ეს პრობლემა დროებითია და უახლოეს მომავალში აღმოფხვრება.რაც შეეხება ფასებს, პროდუქტის გაძვირება მხოლოდ ამაზე არ არის დამოკიდებული და ყველა კომპანა ცდილობს ფასის შენარჩუნებას”-აცხადებს ჩხაიძე.

ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ანონიმურად აცხადებს, რომ ხორცის ბიზნესში საკმაოდ მძიმე ვითარებაა. მისი განცხადებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ცოცხალი საქონელი გავიდა. პრობლემა გაამწვავა ჯარის ადგილობრივი ხორცით მარაგების თემამაც.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, ეს ბიზნესი იძულებული იქნება გაყინული ხორცის მოხმარებაზე გადავიდეს.

bfm.ge

Comments
Loading...