დღეს შესაძლოა, ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა გამოცხადდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს, სადაც შესაძლოა, ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა გამოცხადდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ის ჯგუფი, რომელიც პარტიას ტოვებს, პოლიტიკურ ცხოვრებას სავარაუდოდ, სხვა ორგანიზაციის სახელით განაგრძობს.

საგანგებო ბრიფინგი პარტიის ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე ჩაინიშნა. პოლიტიკური ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროებენ. ცვლილებებია მოსალოდნელი საპარლამენტო ფრაქციაშიც.

თავმჯდომარის გადაყენებასთან ერთად, საუბარია თავად ფრაქციის სახელწოდების შეცვლაზეც, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში საკუთარი ფრაქცია მაინც ექნება.

„სამწუხაროდ, იმ პროცესში, რაც განვითარდა, კარგი არაფერია, თუმცა ეს არის დღეს მოცემულობა. ამას სჭირდება ახსნა, რა ხდება, რატომ იყოფა „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, ეს განცხადება გაკეთდება.

ეს პარტიის ლიდერების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ, პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება. ნებისმიერ ადამიანს მოძრაობაში უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი საფუძველი სწორედ ისაა, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ვართ და არა ერთმანეთთან“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა.

Comments
Loading...