დიმიტრი ხუნდაძე: დაანებონ თავი აპოკალიფსური სურათის შექმნას!

„ქვეყანაში შობადობა გაზრდილია, შემცირებულია სიკვდილიანობა, აბორტები შემცირდა, ქუჩაში პაციენტი აღარ იღუპება”, – ამ განცხადებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე „ბიზნესკურიერთან” საუბარში აკეთებს. ხუნდაძე ადასტურებს, რომ პენსიის გაზრდა შესაძლებელია, ამაზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა არა 50 ლარით. მისი განმარტებით, ეს არის ოპონენტების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა:

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. საკითხზე, თითქოს პენსია არ გაიზრდებოდა, ჩემი რეაქცია და განცხადება იცით. ამის შემდეგ ვიმუშავეთ, ვიმსჯელეთ და ახლა უფრო აქტიურ რეჟიმშია გადასული ეს მუშაობა. ახლაც ვადასტურებ, რომ პენსია უნდა გაიზარდოს. მას შემდეგ რაც გამოვიდა ინფორმაცია შიგნიდან, რომ პენსიის მატება შესაძლებელია, ოპონენტები დადგნენ და საუბრობენ, რომ პენსიის მატება შესაძლებელია და თან 50 ლარით. ეს არის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა.

დაანებონ თავი აპოკალიფსური სურათის შექმნას! საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ არის საპიარო პროგრამა, ეს არის პროგრამა, სადაც სახელმწიფო თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე იღებს პასუხისმგებლობას. ამის სრულ გარანტიას იძლევა მმართველი გუნდი და ხელისუფლება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Comments
Loading...