დიმიტრი ქუმსიშვილი: ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ავიაკომპანიებთან, რათა თურქეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების რაც შეიძლება მალე ჩამოყვანა მოხდეს.

„ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვიყავით კომუნიკაციაში იმ ქართველებთან, რომლებიც იყვნენ ათათურქის აეროპორტში. 120-მდე ადამიანი გადაყვანილია სასტუმროებში. ახლა ვმუშაობთ ავაიკომპანიებთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა თურქ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. მისივე თქმით, რაც გუშინ ათათურქის აეროპორტში დატრიალდა, არის ძალიან დიდი უბედურება და მსგავი რაღაცეები მსოფლიოში არ უნდა ხდებოდეს.

„ჩემს ხელთ არსებული, ამ წუთის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულად, რაც კარგია და ამავე დროს, ჩვენ ვიზიარებთ სრულად იმ მწუხარებას, რომელიც თურქ ხალხს აქვს. ვგმობ ტერორიზმს და ტერორიზმთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობას. ვიმედოვნებ, რომ მაქსიმალურად იქნება მიღებული ზომები იმისთვის, რომ მომავალში ასეთი უბედურება აღარ მოხდეს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Comments
Loading...