დიტო გელოვანი: არ გვესროლოთ, ძმებო…

ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში – „ვერსია“

მომავალი დიდი კანუდოსელი, ჟოაო აბადო, მარმარილოს ქალაქიდან შორს, სერტანაში ცხოვრობდა. უჟმური იყო – მტრისას… დილაადრიანვე ჯაჯღანებდა: „ეს აქ რატომ დევს, სკამს იქ რა უნდა, სადაა კოვზი… როგორი ამინდია, ხომ არ წვიმს…“ „არ ვიცი“, – ბურანში ამბობდა თვალდახუჭული ცოლი და ჟოაო გულმოსული დუდღუნებდა, – არაფერი ამათ არ იციან, არაფერი… „ვითომ არ გესმის, წვიმის ხმა რომ ისმის, არა? შარვალი რატომ არ დამიკერე…“ „როგორ არა, გავკერე…“ „კი, კი, ახალთახალს დაამსგავსებდი…“ დახედავდა შარვალს. კოხტად გაკერილი იყო, ღარიბ ოთახს მოავლებდა თვალს, „სადაა მაკრატელი…“ „რად გინდა…“ „რა შენი საქმეა, მჭირდება ალბათ. იმას კი არ გეტყვიან, სადაა, ყოველთვის სხვას გიპასუხებენ, – რად გინდაო, ჰმ“.

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)

რატომ დევს თოფაძე პარლამენტში? რას დარბის ხიდაშელი ერ2-ში? რატომ დაკანკალებს აგულაშვილი ნაცებს? რასაა, რომ ბოდავს ფიქრია ჩიხრაძე? რატომ არ დადებს ინგა გრიგოლია დენს ათ თეთრად, გაზს ხუთ თეთრად და წყალს უფასოდ? ვისაა, რომ ნიშნავენ მოსამართლეებად? რატომ დევს სააკაშვილი ოდესაში, საყვარელიძე კიევში და ბიზონნი კლუჩი ბარდაჩოკში? სად არიან ჩიორას მამა და მიშას დედა? რატომ არ ქორწინდება ზვიად დევდარიანი ვახუშტი მენაბდეზე და ეკა გიგაური ნინო ლომჯარიაზე? რატომ აყვავდა ნუში მათ დაუკითხავად? ვის თავში მარხია კასრები და სად არის ძაღლის თავი დამარხული? რატომ არის მურუსიძე მსხვერპლი? გირგვლიანია მოძალადე? რობაქიძეა მოძალადე? ვაზაგაშვილია მოძალადე? თეთრაძეა მოძალადე?… მოძალადე ვარ მე, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ერთი დიდი ბულდოზერი („ავატარში“ როა) მემეტება. სადაა ბულდოზერი? სადაა გაგება? სადაა სამართალი? რაო? რად გინდაო?! იმას კი არ გეტყვიან, სადაა, ყოველთვის სხვას გიპასუხებენ, – რად გინდაო. თქვენი…

თოფაძის პარლამენტი ბარდაჩოკია, აგულაშვილის „გარემოს დაცვის ინსპექცია“ – ნაცების თავშესაფარი, ფიქრიას ფიქრები – ბოდვა, გაბუნიას „არჩევანი“ – უაბესალომო ეთერი, თინას თავდაცვა – თავდასხმა ჩემ მეგობარ სააგენტოზე, ხოლო ჩემ მეგობარ სააგენტოს ქვია „ინტერპრესნიუსი“.

ჩემი და ჩემი მეგობარი სააგენტოს ძალისხმევით დაფასდა ერ2 და გაუფასურდა ლარი, ჩვენ ამოვთხარეთ არმაზ ახვლედიანი და დავმარხეთ დავით კირვალიძე, ჩვენ გამოა, გოგა ონიანს უფლებადამცველი რომ ქვია და ჩვენ, ჩვენ ავარჩევინეთ ნახალოვკელებს თამარ კორძაია, ხოლო საგარეჯოელებს – თამარ ხიდაშელი, ეს ჩვენ ვთქვით, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის უპირველესი ამოცანაა და რომ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ სადარაჯოზე სიტყვის თავისუფლებისა, რომელსაც ქვია „რუსთავი 2“. ჩვენ ავკიდეთ ვალები „მაესტროს“, ჩვენ ავავსეთ ილიაუნი ნაცებით, სტუდენტური თვითმმართველობები კომკავშირლებით და პლასტმასის კასრები ფარული ჩანაწერებით. ჩვენ ვაფინანსებთ კობა ხაბაზს და ლადო სადღობელაშვილს, ჩვენ გავავრცელეთ ღორის გრიპი, ჩვენ გავაძვირეთ წამლები და გავაიაფეთ ღირსება, ჩვენ გადავაყენეთ გიორგი ნემსაძე, დავაპატიმრეთ ფოტორეპორტიორები, დავარბიეთ ვეტერანები, დავხურეთ ტელევიზიები, წავართვით მედიასაშუალებები, გადმოვიფორმეთ წილები, ავავსეთ ციხეები… ჩვენ დავუმტკიცეთ რუსებს კოდორი და ახალგორი და, როგორ ფიქრობთ, ვინ უწყობს ხელს მცოცავ ოკუპაციას? ვინ ავლებს მავთულხლართებს ხურვალეთში და ვინ ხლართავს ინტრიგებს ბრიუსელში? ჩვენ – მე და ჩემი მეგობარი სააგენტო „ინტერპრესნიუსი“.

ჩვენ აღვჭურვეთ ოკუპანტებთან მებრძოლი ქართველები ჩაის კოვზებით და დესერტის ჩანგლებით, ჩვენ ვზეიმობდით ომში დამარცხებას და ჩვენ, მე და ჩემი მეგობარი სააგენტოს თანამშრომლები, ჩვენ ვიყავით საგარეო საქმეთა მინისტრები და თან ამაყად ვატარებდით რუსულ პასპორტებს.

სამართლიანობის აღდგენამ რამდენიმე ჯიპის დაბრუნებაზე გადაიარა და ჩვენ, ჩვენ შეგვრჩა ეს ყველაფერი ხახვივით, რადგან ჩვენ გავაკეთეთ ფარული ჩანაწერები და კასრებიც ჩვენ ხელშია და მასრებიც, სკამებიც და სავარძლებიც, ჩვენ გვძინავს მშვიდად და გამწარებული ხალხის პროტესტი ნანასავით ჩაგვესმის.

„დღეს ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ გავრცელების ფაქტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმაურება. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ხიდაშელი, თეა წულუკიანის მსგავსად, უარს აცხადებს იმ საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობაზე, რომლებმაც ვიდეოკადრები გაავრცელეს. “სრულიად მიუღებელი, უზნეო და ამორალური ფაქტის მოწმე გავხდით მორიგ ჯერზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ მსგავსი ქმედების მიუღებლობა და შეურიგებლობა. პროტესტი უნდა იყოს ქმედითი. თავდაცვის სამინისტრო და ყველა ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტი წყვეტს ამ სააგენტოსთან ურთიერთობას. არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ!” – წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქის გვერდზე.

საყვარელი… ის როგორ იყო, გაბუნიას სტუდიაში თქმული – „საქართველოს არ დავუტოვებ სტალინისსურათებიან ოთახებს“.

ჩვენ გვახსოვს და ვიცნობთ ისეთებს, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც კი, ლენინისსურათებიან ოთახებში ჯდომაზე რომ ოცნებობდნენ. თინაც იცნობს. ერთს მაინც.

საქართველო… ბუნდოვნად მახსოვს!

მახსოვს თოფაძე… საპნისსახარშის პრივატიზება, ლუდსახარშის პრივატიზება და, შემდეგ, პრივატიზების წინააღმდეგ გალაშქრება.

მეორე: „როგორც ყოფილი ოპოზიციონერი, როგორც ქალი და შესაბამისად ადამიანი (მეტი სხვა სტატუსი არც მინდა ამის წერისას რომ მქონდეს და მძულს ისიც კი, რომ ამის წერა მიწევს), საჯაროდ ვაცხადებ, რომ სამინისტროს სისტემა ipn.ge-თან და ასევე რადიო ფორტუნასთან, მომხდარის გამო, აღარ ითანამშრომლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნიუსებს ჩვენგან ოფიციალური რელიზების თუ ინფორმაციების სახით, აღარ მიიღებთ. ინსტრუქცია უკვე ჩაშვებულია აპარატში და სამინისტროს 11-ვე სსიპ-ში და პირადად გავაკონტროლებ ყველა ჩემი სტრუქტურის ყველა პიართანამშრომელს, რომელიც ამ ინსტრუქციის დარღვევისათვის მკაცრად დაისჯება“ – წერს თეა წულუკიანი ფეისბუქის გვერდზე.

„ჩემი სტრუქტურის…“ თეა… საყვარელი… კომენტარს კი, რუსუდან კონჯარია გააკეთებს და ჩემი კომენტარიც ეს იქნება: „ერორის დანაყრებას რომ შეწყვეტთ რეკლამებით, მერე ვირწმუნებ თქვენს გულწრფელობას ამ სააგენტოს მიმართ პრეტენზიებზე“.

მესამე: „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ თანამშრომლობას წყვეტს: „დღეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ, რომელთანაც თანამშრომლობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, განხორციელდა პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის ტირაჟირება, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ სააგენტოს მიერ გაკეთებული განმარტება და რეაგირება იქნებოდა ადეკვატური, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია წყვეტს კონტრაქტს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან.“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოდიში მოიხადეს (მოსახდელი იყო), თანამშრომელი გაათავისუფლეს (გასათავისუფლებელი იყო), განცხადება გააკეთეს (გასაკეთებელი იყო) და სხვა რა უნდა ექნათ? სუიციდი ჰარაკირით, ჩამოხრჩობით, გადმოხტომით, მოწამვლით თუ საინფორმაციო ღრუში ტყვიით? ანაც, უნდა ეთქვათ ჩემი მეგობარი სააგენტოს თანამშრომლებს, რომ შენობა, სადაც ისინი მუშაობენ, არის გარყვნილებისა და ძალადობის ბუდე და რომ ისინი ტოვებენ ამ შენობას და სამუშაოდ გადადიან ათონელის ქუჩაზე მდებარე, ოროთახიან კომუნალურ ბინაში. აი, ეს იქნებოდა ადექვატური განცხადება, ხომ?

თქვენ კი მოგექცათ ადექვატურად არმაგედონის ზანგი!

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ასზე მეტი სააგენტო და საინფორმაციო პორტალი ფუნქციონირებს, რომელთაგან ოთხმოცდაათზე მეტი არაფერს ქმნის – იპარავს და ითვისებს სხვის ნიუსებს და სტატიებს, ანიუსებს ფეისბუქ-სტატუსებს. ჩემი მეგობარი “ინტერპრესნიუსი” და ჩემი მესამე შვილი For.ge ყველაფერს თავის სახელს არქმევენ, სხვისას არ იღებენ, სხვისას არ ითვისებენ და არც ფეისბუქ-სტატუსებს ანიუსებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატუსები ხშირად განიუსებასაც იმსახურებენ და განხილვასაც. მაგალითად, For.ge-ს დამფუძნებლის, როზი ჯღამაიას ეს სტატუსი: “წეღან ვუსმინე ფიქრია ჩიხრაძეს, რა თქმა უნდა, დაგმო ფაქტი და მედიას მადლობა გადაუხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების ტირაჟირებას არ შეუწყო ხელი. შემდეგ ასეთ რამ თქვა (დაახლოებით) – საზოგადოებაში ამ პროტესტს ინგა გრიგოლიამ მისცა ბიძგიო. ინგას საწინააღმდეგო მართლა არაფერი მაქვს კონკრეტულ შემთხვევაში, უბრალოდ, ჩემო ფიქრია, ჩვენ არავის ბიძგი არ გვჭირდება, მორალსა და ამორალურობას შორის ზღვარს ყველა ნორმალური ადამიანი ავლებს. თქვენ კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტს და კიდევ, უამრავ საჯარო უწყებას და კომპანიას, ალბათ, გეგონათ, რომ ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელებას ipn აძლევდა ბიძგს”.

დაუფიქრებლად ვაწერ ხელს ამ სიტყვებს, თუმცა, ისიც ცხადია, რომ ფ. ჩიხრაძეს მეტი დაფიქრება მართებს, ბოლო ბოლო, ფიქრია ქვია და არა გუგული, ბოლო-ბოლო, ავლაბრის სასახლეში აქვს კაბინეტი და არა გარყვნილების ბუდეში, ბოლო-ბოლო, პრეზიდენტის მრჩეველია და არა მამუკა კაციტაძის კომისიის წევრი, ფერმის გამგე აფექსი, ან ბიბლიოთეკარი ალექსი, ანაც ბაქოსი და მისი ვაჟი ამბროსი, ან, სულაც, ოდესის გუბერნატორი ფალოსი.

დიაღ, ეს მე და ჩემმა მეგობარმა სააგენტომ გამოვაცხადეთ ვალერი ასათიანი კაციჭამიად, ჩვენ დავდგით ავტობუსის აფეთქების სპექტაკლი განმუხურში, ჩვენ ვაჩვენებდით ტრუსიკ-მაიკიან დაპატიმრებებს, ჩვენ გადავიღეთ „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, ჩვენ ვუჩვენეთ სრულიად საქართველოს, თუ როგორ ჩეხავდა სხვის ვენახს ვინმე გრიშჩენკო და ამ დამსახურებებისთვის ჩვენ გვეპატია ბიუჯეტისთვის გადასახდელი 25 მილიონი ლარი…

ჩვენს რიგებს გამოაკლდა კახეთის რეგიონის უშტატო კორესპონდენტი, რომან ქ. – ძმა და მეგობარი სანდრა-ელისაბედ კილაძისა.

ეს ჩვენ ვამბობთ, რომ მაშინ ყველაფერი კარგად იყო, ხოლო დღეს ყველაფერი არის ცუდად – გვისმენენ, გვართმევენ, გვაწამებენ, გვხოცავენ… რა კარგი იყო მაშინ, ერთად ვიყავით როცა, ლურჯი იებით ხელში წამწამებს ვხრიდით მორცხვად მე, ჩემი მეგობარი სააგენტო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. გვინდოდა დაგვექცია ეს ქვეყანა, მაგრამ ვერ დავაქციეთ, არ დაგვაქცევინეს, და დღეს ქუჩაში ამაყად დადიან ირაკლი მაისურაძე, ნინო შუბლაძე, ნუგზარ ფოფხაძე, გიორგი ჯაჯანიძე, მაგდა ანიკაშვილი, ნიკა გვარამია, გურამ დონაძე, ლაშა ბერულავა…

კისერზე საბელს შევიბამთ, თავზე ნაცარს წავიყრით და ისე ვაღიარებთ დანაშაულს: ჩვენ გადავიღეთ და ჩვენვე გავავრცელეთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ჩვენ მოვახვიეთ კოჰაბიტაცია ქართველ ხალხს, ჩვენ ვასაღებდით შავს თეთრად, ცისფერს ლურჯად, უდაბნოსფერს ლაჟვარდისფრად. მხოლოდ ჩვენ ვიმსახურებთ ტაჯგანალებით ცემას და მოპირულ ხმლებზე გადახტომას… თქვენ კი დაახტით არმაგედონის ზანგს!

ჩვენ ვაპირებდით რუსეთისთვის ენგურჰესის, რკინიგზისა და გაზსადენის მიყიდვას…

ჩვენ ვაპირებდით „რუსთავი 2“-ში სისხლიანი კალოს გალეწვას…

ჩვენ ვაპირებდით ნულოვან ტოლერანტობას და ეს ჩემმა მეგობარმა სააგენტომ დაიძახა „ყველანი ციხეში“, მე კი თავისუფლებისმოყვარე ყველა ქართველს ასე დავემუქრე: „სულს ამოგხდით!“

რაღა ბევრი გავაგრძელო? რა საჭიროა? თქვენ გეკითხებით, დაო ქართველნო: თინავ, თეავ და ფიქრიავ. სადაა ბულდოზერი? სადაა გაგება? სადაა სამართალი? რაო? რად გინდაო?! იმას კი არ გეტყვიან, სადაა, ყოველთვის სხვას გიპასუხებენ, – რად გინდაო.

რა გჭირთ, გოგოებო? და, ბიჭებოც! ჩვენ გვესვრით?!

არ გვესროლოთ, ძმებო!

ძველისძველი ანეკდოტი: გველეშაპმა დაიჭირა ინგლისელი, ფრანგი და ოქროსუბნელი. დაემუქრა, უნდა შეგჭამოთო, თუმცა, რაღაც პირობებიც ჩამოუთვალა – ესენი შეასრულეთ და გაგიშვებთო.. ინგლისელმა შეასრულა, ფრანგმაც შეასრულა. ოქროსუბნელმა – სად არის ჩემი ლისიჩკაო.

მართლაც, სად არის ჩვენი ლისიჩკა?

ჩვენი ლისიჩკა საარჩევნო უბანშია და ბიულეტენი ქვია.

ჰ.ჰ. (ჰო, ჰო) „საგზალი, თორემ, შენც შემწვარ-მოხრაკულებს ჩამიწყობდი“. „თხის ხორცია შემწვარი, ნახშირზე შევწვი, ჟოაო…“. აქ კი დაირცხვენდა, ქვაბში ჩაიხედავდა, ოჯახში, თურმე, აღარაფერი რჩებოდა, ბოსტნეულის გარდა და, სიწითლემორეული, თხის ხორცს აბგიდან ქვაბში გადასდებდა და კომბოსტოსა და სტაფილოს წამოავლებდა ხელს – „არ გაგირეცხია, არა?“ „როგორ არა, ჟოაო…“ „ჰო, ჰო, სულ როგორ არა იძახე და წინ წავა საქმე“.

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)

Comments
Loading...