დოლიძე: თავდაცვის ხაზი ახლა უკრაინაზე გადის, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროპა-უკრაინის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, სადაც სახელმწიფო მინისტრი სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება.
ვიქტორ დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებულ პროგრესზე, განხორციელებულ რეფორმებზე, ასოცირების შეთანხმების იმპლიმენტაციის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
„თავდაცვის ხაზი ახლა უკრაინაზე გადის, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ევროპა-უკრაინის ფორუმი მეათედ იმართება. წელს ფორუმს პოლონეთში ქალაქი რჟეშუვი მასპინძლობს.
მიმდინარე წლის ღონისძიების დევიზია – „შესაძლებლებობები, რომელიც არ უნდა დაიკარგოს”. გამომსვლელები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა – უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის საკვანძო საკითხები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ასევე, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების გავლენა ხალხთა შორის ურთიერთობაზე.