EBRD სრულად იზიარებს საქართველოს პრემიერის გეგმას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, აცხადებს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი ბრუნო ბალვანერა.
„გუშინ საქართველოს ბიზნესასოციაციის ოფისის გახსნას დავესწარი. აღნიშნული ასოციაცია საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ მეწარმეებს აერთიანებს. ხსენებულ ბიზნესმენებს, მეწარმეებსა და აქციონერებს აერთიანებს თავიანთ ქვეყანაზე ზრუნვის სურვილი. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს მიეცა შესანიშნავი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. მის ამ რწმენას იზიარებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც და ჩვენ წარმოვადგენთ ახალ სტრატეგიას. იმედია, დოკუმენტი შემდეგ კვირაში, ლონდონში დამტკიცდება. ჩვენი სტრატეგია ეყრდნობა რეფორმის იმ ოთხ ძირითად მიმართულებას, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო სტრატეგიის ფარგლებში ისაუბრა. ჩვენ გამოვყავით გარკვეული მიმართულებები“, – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
საქართველოს მთავრობის ახალმა შემადგენლობამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმა დაამტკიცა. პარლამენტმა ახალი მინისტრთა კაბინეტი 26 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა.