პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „კაბელების საქმეზე“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც ბესელია ამბობს, პრეზიდენტის მხრიდან მსჯავრდებულების შეწყალება მისთვის, ადამიანური კუთხით მისაღებია და მოხარულია, თუმცა, როგორც იურისტი, გარკვეულ სამართლებრივ ხარვეზებს ხედავს.
„ძალიან მყარი და გულწრფელი მოსაზრება ჩემი, როგორც ადამიანის, მოქალაქის, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის არის, ის, რომ ნებისმიერი ადამიანის ოჯახში დაბრუნება მიხარია, ვინც საპატიმროშია და მგონია, რომ ეს არის ჰუმანური და კეთილი მოვლენა. კარგი შინაარსი აქვს თავისთავად, ამიტომ მე ეს ყოველთვის ადამიანურად მახარებს და ამ მხრივ კითხვები არ მაქვს.
შესაბამისად, არ შეიძლება ნეგატიურად ვიყო განწყობილი მოვლენისადმი, როდესაც ხდება საპატიმროდან მსჯავრდებული პირების გათავისუფლება, თუმცა, აქ გარკვეულ სამართლებრივ ხარვეზებს ვხედავ. როდესაც სასამართლო ინსტანციებში არ არის პროცესი დასრულებული და ჯერ კიდევ როგორც გავიგე უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს მხარე ამ გადაწყვეტილებას, ვსვამ კითხვას, ვიდრე მართლმსაჯულება არ დასრულებულა საქმეზე და ერთ-ერთი მხარე მაინც აპირებს, რომ გამოიყენოს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რამდენად სწორია ამ დროს, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლების გამოყენება? ხომ არ არის ეს გარკვეულ წილად მართლმსაჯულებაში ჩარევა? რადგან მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ბოლომდე, ეს არის სამართლებრივი დოქტრინა. მე როგორც იურისტს აქ გარკვეული კითხვები მიჩნდებოდა ყოველთვის, როცა ამას აკეთებდა სხვა პრეზიდენტი, მიჩნდება ახლაც. ეს კითხვები გამიჩნდა მაშინაც, როდესაც სააკაშვილმა ისე შეიწყალა ახლა უკვე ჩვენი კოლეგა და არ დაელოდა შემდეგი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ანალოგიურად ვხედავ ახლაც.
მე ამ ადამიანების გათავისუფლება მიხარია როგორც ადამიანს, მაგრამ როგორც იურისტს სამართლებრივად ეს კითხვა მიჩნდება, ვიდრე არ იყო დასრულებული ყველა ინსტანციის სასამართლო რამდენად სწორი იყო სამართლებრივად ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ipress.ge