ელისო კილაძე პოლიციას მისი შვილისთვის 2 გაურკვეველი პაკეტის ჩადებაში ადანაშაულებს

“ქრონიკა პლუსის” რედაქტორი ელისო კილაძე მისი შვილისათვის 2 გაურკვეველი პაკეტის ჩადებაში პოლიციას ადანაშაულებს. ამის შესახებ კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კილაძის თქმით, მის შვილს მანქანა განზრახ დააჯახეს და მისი ნივთები ჯერ კიდევ დალუქული არ არის.

“თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ტაქსის ტრაფარეტით მანქანა დააჯახეს, რის შემდეგაც ის უგონოდ იმყოფებოდა და განძრევის საშუალება არ მისცეს. მას ასევე არ ჰქონდა წინადადება, რომ ნებაყოფლობით წარმოედგინა რა ნივთები ჰქონდა ჯიბეში. არც ერთი მისი ნივთი ამ დროისათვის დალუქული არ არის. მას ორი პაკეტი ჩაუდეს. ჯერ არ არსებობს არც წინასწარი ინფორმაცია და არც დასკვნა, რომ ეს ნამდვილად ნარკოტიკია, იქნებ ეს ციანიდია, ან შაქარი

მისი განმარტებით, მან თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შესახებ 2 კვირის წინ მწვავე მასალა გამოაქვეყნა. ასევე, დაპირისპირებაში იმყოფება სუს-ის უფროსის მოადგილესთან .

“თუ გარიგება ეხება იმას, რომ მე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა ან შევწყვიტო, ან რაიმე ტიპის ზემოქმედება მოახდინონ, ჩემი პასუხი იქნება არა”, – განაცხადა კილაძემ.

სავარაუდოდ, დღეს გადაწყვეტს სასამართლო დავით ხარშილაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე გუშინ დააკავეს.

დავით ხარშილაძე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: pia.ge

Comments
Loading...