ელისო კილაძე: უჩა მამაცაშვილის მეშვეობით, შუამავალი დადიოდა ჩემთან, რომელიც მთხოვდა გარიგებას
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე, შვილის დაკავებას თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.
მისი განცხადებით, არც ერთი მოწმე მისი შვილის დაკითხვას არ დაასწრეს.
„ჩემი შვილი დააკავა ზუსტად იმ დაწესებულებამ, რომელზეც 2 კვირის წინ დავწერე ძალიან კრიტიკული მასალა“, – განაცხადა ელისო კილაძემ.
ელისო კილაძე სუს-ის მოადგილეს ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ იოებ გოგაშვილის კაბინეტშია დაგეგმილი მისი შვილის დაკავება.
კილაძე ითხოვს ფირს, ჩანაწერს, სადაც მისი შვილის დაკავება იქნება ასახული. გაზეთის რედაქტორი აღნიშნავს, რომ მისი შვილი არის ბიძინა ივანიშვილის მძევალი. მან ასევე, განაცხადა, რომ შვილის დაკავებამდე მას რამდენიმე კვირით ადრე ემუქრებოდნენ.
„ჩემთან იყო მუქარები შვილის დაკავების და ორი კვირის განმავლობაში ამ ფაქტამდე, მისი საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მეშვეობით, შუამავალი დადიოდა ჩემთან, რომელიც მთხოვდა გარიგებას. გარიგების შინაარსი იყო ის, რომ, პირველი – „რუსთავი 2“-ის საქმიდან გვერდზე დავმდგარიყავი და, მეორე, შემეცვალა ტონი და მთლიანად ვყოფილიყავი ქართული ოცნების განკარგულებაში“, – განაცხადა ელისო კილაძემ.