ნატო-ს ქვეყნებმა ფარისევლობა გვერდზე უნდა გადადონ და გადაწყვიტონ, მათი მოკავშირე თურქეთია თუ სირიაში მოქმედი ზოგიერთი ტერორისტული ორგანიზაცია, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას.
ერდოღანის თქმით, ნატო-ს არ შეუტანია წვლილი სირიაში მოქმედი ტერორისტების წინააღმდეგ თურქეთის ბრძოლაში და დღესაც, როდესაც ანკარა სირიის ქალაქ ელ-ბაბში ტერორისტებს ებრძვის, ნატო თურქეთს დახმარებას არ უწევს.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ნატო-ს მოკავშირეა და მხარდაჭერა ანკარას უნდა გაუწიოს და არა ტერორისტებს.
„იქნებ თქვენ ალიანსის პარტნიორებად მიიჩნევთ ტერორისტულ ორგანიზაციებს და არა თურქეთს? როგორ შეიძლება მხარი დაუჭიროთ ორგანიზაციებს, რომლებსაც ნატო-ს მოკავშირე ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს? ეს მიუღებელია. თუ თურქეთი ნატო-ს წევრი და სტრატეგიული პარტნიორია, ალიანსმა მხარი თურქეთს უნდა დაუჭიროს და არა ტერორისტებს “, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც თურქეთი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, განსხვავება არ გააკეთონ ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის და ტერორისტებთან ბრძოლაში პრინციპულობა გამოიჩინონ.
„პასუხად, რიგი ქვეყნები, განსაკუთრებით აშშ, სხვადასხვა საბაბით ღიად აგრძელებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერას. როდესაც თურქეთი ყველაფერს თავის სახელს არქმევს, ეს ქვეყნები ფარისევლურ გაოცებას გამოხატავენ“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან, ტერორისტული ორგანიზაციები თავდასხმებს განახორციელებენ იმ ქვეყნებში, რომლებისგანაც დღეს მხარდაჭერას იღებენ.