თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მევლუთ ალტინტაში ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან იყო დაკავშირებული,-ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
„არ ღირს იმის დამალვა, რომ ის ორგანიზაცია Feto-ს წევრი იყო. ყველა მისი ქმედება Feto-სთან კავშირზე მეტყველებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის განმარტებით, პირველადი დასკვნებით ელჩის მკვლელობის უკან სახელმწიფო დგას. მიუხედავად ამისა, თურქეთის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გამოცემა Milliyet-ის ცნობით, ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში და ნაქირავებ ოთახში ჩატარებული ჩხრეკისას ტერორისტული ორგანიზაცია “ალ-ქაიდას” და ფეთჰულაჰ გიულენის წიგნები იპოვეს.
გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელმა მევლუთ მერტ ალტინტაშმა დანაშაულის ჩადენამდე ერთი დღით ადრე თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან ახლოს, სადაც შემდგომში დიპლომატი მოკლა, ოთახი იქირავა.
ნაქირავებ ოთახში ფეთჰულაჰ გიულენის წიგნები და მისი ორგანიზაცია Feto -ს მასალები იპოვეს. როგორც ცნობილია, გიულენს თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და ამერიკიდან თურქეთში მის ექსტრადაციას მოითხოვს.
ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ, ჯონ კერისთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის უკან მქადაგებელი და ისლამური სამყაროს გავლენიანი საზოგადო მოღვაწე, ფეთჰულაჰ გიულენი დგას.
19 დეკემბერს ანკარაში, რუსეთის ელჩზე თურქეთში ანდრეი კარლოვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.
თავდასხმა თურქეთის დედაქალაქში, გამოფენაზე მოხდა, რომელიც ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მიმდინარეობდა.
წყარო: აიპრესი