ეროსის დრამით დასრულებული დრამა
„ეროსი კიწმარიშვილამდე „რუსთავი 2″-ს ასეთი მსხვერპლი არ ჰყოლია”, – წერს გაზეთი „პრაიმტაიმი”. სტატიაში წერია, რომ ასეთი მსხვერპლი არც არავის სჭირდებოდა, რადგან ქვეყანას მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც კარგად იცოდა, რა საშიში იარაღია მედია და მაშინდელი მედიის მნიშვნელოვანი უმრავლესობა სააკაშვილს უხრიდა ქედს.
„კიწმარიშვილსაც მართვის სადავეები ჩამოართვეს. კულუარული ინფორმაციით, მის ჩამოსაშორებლად სააკაშვილმა 20 მილიონი გადაახდევინა. მეტიც, სწორედ რევოლუციური ხელისუფლების პირველ ეტაპზე ეთერიდან გაქრა ივანიშვილის „მეცხრე არხი”, რომლის ტექნიკაც მთლიანად „რუსთავი 2″-ის ბალანსზე გადავიდა. ყველასთვის მოულოდნელად კომპანია გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა, კიწმარიშვილი კი – ჯერ პოლიტიკაში, ხოლო შემდეგ ამერიკაში წავიდა. როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, ტელეკომპანია კვლავ აღმოჩნდა ეპიცენტრში. სამართლიანობის აღდგენის ფარგლებში სამართლებრივი დავის ფაზაში შევიდა რამდენიმე ყოფილი მეპატრონე. თუ კომპანიას პატრონი შეეცვლებოდა, ცხადზე უცხადესი ხდებოდა, რომ სააკაშვილის გუნდი მართლაც გაქრებოდა პოლიტიკური რადარებიდან, რადგან სწორედ ამ ტელეკომპანიის დამსახურებით რჩება აქტიურ პოლიტიკურ მოთამაშედ. სიცოცხლეში ეროსი კიწმარიშვილი ვიწრო წრეში ჰყვებოდა კიდეც, რომ ის ტელეკომპანიის ახლანდელ მფლობელებს, ძმებ ყარამანიშვილებს შეხვდა და სააკაშვილსაც მიაწვდინა ხმა, რომ მათ ის „რუსთავი 2″-სთვის სამართლებრივ დავაში შეეყვანათ, რადგან მას ჰქონდა სერიოზული ბერკეტები იმისთვის, რომ პროცესები მათ სასარგებლოდ შეეტრიალებინა, თუმცა, მას ყველა კარი დაუხურეს. როგორც კი გაჟღერდა, რომ კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ტელეკომპანიის ეთერით ვრცელ-ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნეს, ეს ფაქტი ტელევიზიის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩართეს და „რუსთავი 2″-ის შენობიდანაც კი გაასვენეს…
თუმცა, მაინც ვერ მოხერხდა ამ თემით პოლიტიკური პროცესების გაცხელება, რადგან სულ სხვა რეალობა იდგა: აღარც ეროსი იყო ცოცხალი, არც „რუსთავი 2″ – გამარჯვებული ხალხის ტელევიზია და არც მიშას ჰქონდა ძველებური რიხი და ხიბლი…” – წერია სტატიაში.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი”
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)