“ეროვნულმა ფორუმმა” საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ფრაქცია ”ეროვნულმა ფორუმმა” საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. პარტიის წევრები პარლამენტში დაკავებულ თანამდებობებსაც ტოვებენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა, ეროვნულმა ფორუმმა ყველა ვალდებულება შეასრულა.

”მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ”ეროვნული ფორუმი” ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, შესაბამისად, მე ვტოვებ პარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის პოსტს, ჩემთან ერთად ტოვებენ თანამდებობებს შესაბამის კომიტეტებში მოადგილეების პოსტებზე მყოფი პირები – შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე… პარტიის პოლიტიკური საბჭო, ფრაქცია და წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებში შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მომავალ არჩევნებამდე”, – განაცხადა შარტავამ.

გუშინ, პარტიის მიერ გამართულ ყრილობაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ”ეროვნული ფორუმი” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

მას შემდეგ, რაც “ეროვნულმა ფორუმმა” უმრავლესობა დატოვა, გაჩნდა კითხვა, ხომ არ დაიშლება საპარლამენტო უმრავლესობა. ფრაქცია ”ეროვნული ფორუმის” გასვლით უმრავლესობა არ იშლება, თუმცა მმართველ გუნდს პარლამენტში მეტი ძალისხმევა დასჭირდება კვორუმის შესაკრებად, კანონებისა და გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველსაყოფად.

საპარლამენტო უმრავლესობა აქამდე სულ 7 ფრაქციისა და ჯამში 88 წევრისგან შედგებოდა, მათ შორისაა როგორც კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ფრაქციები, ასევე ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული მაჟორიტარების ორი ფრაქცია.

”ეროვნული ფორუმის” გადაწყვეტილების შედეგად, უმრავლესობის ფრაქციები 6-მდე, ხოლო წევრთა რაოდენობა 82-მდე მცირდება.

ამასთან, იმ შემთხვევაში თუკი უმრავლესობიდან ”რესპუბლიკელებიც” გავა, რომელსაც პარლამენტში 10-კაციანი ფრაქცია ჰყავს, დაიშლება როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა და მოხდება ცვლილებები მთელს საპარლამენტო სტრუქტურაში.

“ინტერპრესნიუსის” მასალების მიხედვით

Comments
Loading...