ესპანეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 48 ქართველი დააკავეს

ესპანეთში ჩატარებული მორიგი მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 48 ქართველია დაკავებული.

ირკვევა, რომ 48-ვე არალეგალია. ადგილობრივი ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, ბრალდებულებს ბინების ყაჩაღობასა და ქურდობაში ადანაშაულებენ.

„ეროვნული პოლიციის აგენტებმა, 600-მდე საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში.

გამომძიებლებმა, ერთდროულად 15 მისამართზე განახორციელეს რეიდი და გარდა საიუველირო ნივთებისა, ელექტრონული მოწყობილობები, 13 ათასი ევრო და ბინების გატეხვის ინსტრუმენტები ამოიღეს.

აღნიშნული ოპერაციის შედეგად, 40-მდე საქმე გაიხსნა, რომელიც მადრიდსა და მურსიაში იყო ჩადენილი“, – აღნიშნულია ესპანეთის ეროვნული პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თებერვალში რამდენიმე ქალაქში ჩატარებული ოპერაცია, რომლის შესახებ ახლა გახდა ცნობილი, ესპანური მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა და დაკავებულ ქართველებს მაფიოზებად მოიხსენიებენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, იმ საქმეებს შორის, რომლებსაც დაკავებულებს ედავებიან, საქართველოში ჩადენილი დანაშაულიც ფიგურირებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიება, საქართველოს შს სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

Comments
Loading...