ევროკავშირის ელჩი: ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ვიზალიბერალიზაციის ბოლო ეტაპებს ვუახლოვდებით
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დღვანდელ დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯით ახლოსაა.
ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
„ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ახლოს ვართ საბოლოო გადაწყვეტილებასთან; ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ჩვენ მართლაც ბოლო ეტაპებს ვუახლოვდებით. ჩვენ გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისათვის და ნება მომეცით გულითადათ მივულოცოთ საქართველოს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დღეს.
ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი და მოგვიანებით უვიზო მიმოსვლის პროცედურების დასასრული, კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს, და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვაგრძოთ საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან. ეს არის ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ბეჯითად მუშაობდა მრავალი ადამიანი, რომ ის რეალობად ქცეულიყო“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიე განაცხადებით კი, დღევანდელი გადაწყვეტილება ქართველმა საზოგადოებამ ნამდვილად დაიმსახურა.
„ეს არის დიდი დღე, რადგან საქართველო ვიზა ლიბერალიზაციის რეალურ განხორციელებას დიდი ხანია ელოდება. ეს ასევე აღსანიშნავი დღეა ევროპისთვის, რადგან დღევანდელი გადაწყვეტილება გვიჩვენებს, რომ მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ევროპის კარი ღიაა მეგობარი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული დღე, რადგან ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას“, – აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა.