საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.
იანოშ ჰერმანი აღნიშნავს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში დიდი და წარმატებული ნაბიჯი გადადგა, რაც პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება.
„არ შემიძლია კონკრეტული თარიღი გითხრათ. საქართველომ ძალიან გრძელი გზა გაიარა და ამ პროცესს თავი წარმატებულად გაართვა. ყველა პირობა წარმატებით შეასრულა. ჩვენ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ერთად ვმუშაობდით. მას შემდეგ, რაც თარიღი ცნობილი გახდება, ეს ფაქტი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთიობისთვის ძალიან პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება“, – განაცხადა ჰერმანმა.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 2 თებერვალს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა.
ევროპარლამენტის დეპუტატები ვარაუდობენ, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 29 მარტიდან ამოქმედდება.