გაბრიელ გარსია მარკესი – მოგონებები ფიდელ კასტროზე
1948 წლის 9 აპრილს, ბოგოტაში, კოლუმბიის პრეზიდენტობის კანდიდატი – ხორხე ელიესერ გაიტანი მოკლეს. ამ ფაქტს დიდი არეულობა მოჰყვა – აჯანყდა მოსახლეობის ღარბი ფენა, რომელსაც გაიტანი მხსნელად მიაჩნდა. მეორე დღეს, როდესაც სიტუაცია მეტ-ნაკლებად ჩაწყნარდა, გადამწვარ ბოგოტაში 3000 ათასზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვნეს.
ამ მოვლენების უშუალო მონაწილე იყო ფიდელ კასტრო. გაბრიელ გარსია მარკესი, მოგონებების წიგნში – „იცხოვრო, რომ მოჰყვე“, იხსენებს:
„იმ უმართავი მღელვარების შუაგულში იმყოფებოდა ახალგაზრდა კუბელი სტუდენტი, ოცი წლის ფიდელ კასტრო, ჰავანის უნივერსიტეტის დელეგატი სტუდენტურ კონგრესზე, რომელიც პანამერიკული კონფერენციის პარალელურად, როგორც საპასუხო დემოკრატიული აქცია, ისე გაიმართა. ექვსი დღის ჩამოსული იყო. ალფრედო გევერა, ენრიკე ოვარესი და რაფაელ დელ პინო – უნივერსიტეტის კუბელი სტუდენტები ახლდნენ.
პირველი, რაც ბოგოტაში გააკეთა, ხორხე ელიესერ გაიტანთან შეხვედრის ორგანიზება იყო. აღმერთებდა.
ორ დღეში კასტრო გაიტანს შეხვდა. ამ უკანასკნელმა შემდეგ პარასკევს დაიბარა. გაიტანმა პირადად ჩაინიშნა მაგიდის წიგნაკში, შესაბამის გვერდზე, შეხვედრის თარიღი: „ფიდელ კასტრო, 2 დო“.
პრესასთან და განსხვავებულ ვითარებებში ამის შესახებ არაერთგზის უსაუბრია; ძველ მეგობრებს იმ გაუთავებელ მოგონებებში ერთმანეთისთვის გაგვიზიარებია – ფიდელმა პირველად დანაშაულის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც მკვლელობის ადგილის სიახლოვეს ტრიალებდა, რადგან გაიტანთან შეხვედრის დრო ახლოვდებოდა. მოულოდნელად შემოესმა ყვირილი:
– გაიტანი მოკლეს!
ფიდელ კასტრომ მხოლოდ მოგვიანებით გაიაზრა, რომ მათი შეხვედრა დანიშნულ დროს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შედგებოდა, მენდოსა ნეირას მიერ გაიტანის სადილზე დაუგეგმავი მიწვევის გამო.
***
9 აპრილი ჩვენი მუდმივი სასაუბრო თემა იყო, რომლის დროსაც ბრაზი და ნოსტალგია, დაკარგული წლების გამო, ერთმანეთში იხლართებოდა.
ფიდელ კასტრო, თავის მხრივ არაერთი აბსურდული ბრალდების მსხვერპლი გახდა ექსტრემისტული ქმედებების გამო, რადგან სტუდენტური მოძრაობის აქტივისტი იყო.
იმ შავბნელ ღამეს, გაავებული ბრბოს მიერ დანგრეულ ქალაქში, ნაციონალური პოლიციის მეხუთე დივიზიაში გამოცხადდა და ჩაწერა. ფიქრობდა, რომ ამ ფორმით შეძლებდა ქუჩაში მოწყობილი სასაკლაოს შეჩერებას.
მას უნდა იცნობდე, რომ წარმოიდგინო, რაოდენ გაწბილებული იყო მისი ამაღლებული განწყობა იქ, სადაც საერთო ღირებულების პოვნა შეუძლებელი ჩანდა.
თერთმეტი წლის შემდეგ გავიცანი, როდესაც კუბაში რეპორტაჟის გასაკეთებლად ჩავედი და ჰავანაში მის ტრიუმფალურ დაბრუნებას დავესწარი. მომავალში მეგობრები გავხდით. ამ ურთიერთობამ დროს და უთვალავ ფეხის წაცდენას გაუძლო.
ჩვენს ხანგრძლივ საუბრებში ადამიანურისა და ღვთიურის შესახებ 9 აპრილის ღამე ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სასაუბრო თემა იყო.
ყოველთვის ფიქრობდა, რომ მისი პროფესიული ჩამოყალიბების გზაზე ის დრამა გადამწყვეტი აღმოჩნდა, განსაკუთრებით მეხუთე დივიზიაში გატარებული ღამე იყო მნიშვნელოვანი, მაშინ მიხვდა, რომ სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებიც შემოდიოდნენ და გადიოდნენ, მოროდიორობის ნადავლს ინაწილებდნენ ნაცვლად იმისა, რომ საჩქარო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ეზრუნათ“.
ესპანურიდან თარგმნა – ლანა კალანდიამ გამომცემლობა „ინტელექტი“, 2014 წ.
წყარო : bu.com.ge