გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ, „ბავშვთა სამყაროში“ მოვაჭრეების ეტაპობრივი შეყვანის პროცესი დაიწყო
ექსპერტების ზედამხედველობით გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისა და უსაფრთხოების ზომების მიღების შემდეგ, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ საცავში მოვაჭრეების შეყვანის პროცესი დაიწყო.
ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა, რომელიც დილიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დაზარალებულებს ხვდება.
აბაშიძის თქმით, სპეციალურად მოწყობილი დერეფნის საშუალებით, სამართალდამცავების თანხლებით, შენობაში მოვაჭრეების ეტაპობრივი შეყვანის პროცესი მიმდინარეობს, რათა მათ საცავებში არსებული კუთვნილი ძვირფასეულობის გამოტანა შეძლონ.
„სპეციალისტების მეთვალყურეობით ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების ფარგლებში, გაკეთდა სპეციალური დამჭერები და მოეწყო დერეფანი, საიდანაც შენობაში სამართალდამცველებთან ერთად, მოვაჭრეები შედიან ნივთების გამოსატანად. უკვე შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ დაზარალებული მოვაჭრეებისთვის სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილების შეთავაზების საკითხს. ამასთან დაკავშირებით ბაზრობების ადმინისტრაციებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს“, – განაცხადა ლაშა აბაძიძემ.
როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, „ბავშვთა სამყაროს“ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში, დღეს საკოორდინაციო თათბირი გაიმართება.
თათბირს თბილისის მერი დავით ნარმანია უხელმძღვანელებს და მას მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრაზე, „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებისა და დაზარალებულთა შესაძლო დახმარების გზებზე ისაუბრებენ.
მოვაჭრეების განცხადებით, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ, საცავში ნივთები სრულად და დაზიანების გარეშე დახვდათ.