გაყინვა გამორიცხულია, შუქის გამორთვამდე არიან გარდაცვლილები – ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილის ნათესავი

ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეზობლები ერთადერთ ვერსიად გაყინვას განიხილავდნენ.

როგორც „იმედის“ კორესპონდენტს გარდაცვლილის დეიდაშვილმა განუცხადა, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც წამლებს სვამდა და შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

„გაყინვა გამორიცხულია, შუქის გამორთვამდე არიან გარდაცვლილები. შუქი რომ ჩართეს გამათბობელი ჩაირთო. ვფიქრობ ჯერ კაცი გარდაიცვალა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, წამლებს სვამდა და ალბათ გული გაუჩერდა. დედა მწოლიარე იყო, ალბათ წამოდგა შვილის დასახმარებლად და წაიქცა“, – განაცხადა გარდაცვლილის დეიდაშვილმა ნონა ჩხაიძემ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

„ოჯახს ვიცნობდი, სამივე წევრს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და პერიოდულად კლინიკაში მკურნალობდნენ. გარდაცვლილის ძმა ახლაც კლინიკაშია. მას შემდეგ რაც დედა-შვილი რამდენიმე დღე არ გამოჩნდა, მეზობლების თხოვნით კარი გააღეს. პირველადი დათვალიერებით ორივე რამდენიმე დღის გარდაცვლილია. რაც შეეხება მიზეზს, ამას ექსპერტიზა დაადგენს. როგორც სამართალდამცველები ამბობენ, პირველი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ არის“, – განაცხადა მინისტრმა.

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გარდაცვლილი დედა-შვილი საკუთარ ბინაში იპოვნეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...