გელა ნიკოლაიშვილი: „მთელი ცხოვრება დარჩება ეჭვი, რომ კიწმარიშვილი მოკლეს, მაგრამ სამართლებრივი კუთხით ეს ვერასდროს ვერ დადასტურდება“

პროკურატურის მიერ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შეწყვეტას საზოგადოების მხრიდან ეჭვი და გამოხმაურება მოჰყვა. პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი არავის მოუკლავს, მან თავი მოიკლა და თვითმკვლელობამდე მიზანმიმართულად არავის მიუყვანია.

ოჯახის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი პროკურატურის არგუმენტებს არ იზიარებს. მისი თქმით, „ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე თავის არეში და მარჯვენა ხელის მტევანზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა, თუმცა გამოძიების სამართლებრივ შეფასებაში ეს დაზიანებები გამოტოვებულია“- აცხადებს ჩიქოვანი.

მისივე თქმით, გამოძიება ამტკიცებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის პიჯაკის კვალი დატოვებულია ავტომობილის უკანა სავარძელზე, ასევე ავტომობილის წინა სავარძლის თავის საყრდენზე. ადვოკატი ეჭვს გამოთქვამს, თუ რატომ არ აღმოჩნდა ავტომობილში სხვა პირების ტანსაცმლის კვალი, ასევე რატომ არ არის ეროსი კიწმარიშვილის მაისურის ან სხვა ტანსაცმლის კვალი ავტომობილში, ამასთან, საიდან აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის პიჯაკის კვალი წინა სავარძელზე, როდესაც პიჯაკს მხოლოდ უკანა სავარძელზე ინახავდა. ადვოკატი ასევე იარაღზე აღმოჩენილ დნმ-ზე საუბრობს:

„იარაღზე აღმოჩენილია დნმ-ის კვალი. ეს დნმ იარაღის ლულაზე ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს, ხოლო სასხლეტზე აღმოჩენილია დნმ-ის ორი კვალი. პროკურატურა გადაჭრით ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს, თუმცა ექსპერტიზა ამ ფაქტთან რადიკალური არ არის და ამბობს, რომ შესაძლოა სასხლეტზე აღმოჩენილი კვალი ეკუთვნოდეს ეროსი კიწმარიშვილს. კითხვა ჩნდება, თუ რატომ არის პროკურატურა ასე დარწმუნებული აღნიშნულში“, – აცხადებს ჩიქოვანი.

პროკურატურის გადაწყვეტილებას არ ეთანხნება გარდაცვლილის ძმა, ზურაბი კიწმარიშვილი, მისი თქმით, ეროსი თავს არ მოიკლავდა, რადგან მას უამრავი გეგმა ჰქონდა, რომლის განხორციელებასაც აპირებდა. მისი აზრით, თვითმკვლელობის ვერსია მცდარია და საქმის დახურვა ნაჩქარევია.”

ამასთან, ზურა კიწმარიშვილი თქმით, ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იყო. არგუმენტად კი მას ავტომობილის გარეთ სისხლის კვალის არ არსებობა მოჰყავს:

„პროკურატურის ინფორმაციით, ფანჯარა იყო ჩაწეული. გასროლის შემდეგ, იმ ადგილზე, სადაც ავტომობილი იდგა, არც კედელზე და არც იატაკზე სისხლის მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იდგა“, – აცხადებს ზურა კიწმარიშვილი.

მიუხედავად საზოგადოებაში გაჩენილი კითხვებისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურას საკმარისზე მეტი საფუძველი ჰქონდა იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო. მღებრიშვილის განმარტებით, პროკურატურა მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს ეყრდნობა.

ჩანს თუ არა პოლიტიკური კვალი ეროსი კიწმარიშვილის გარადაცვალების საქმეში? რას ნიშნავს მთავარი პროკურატურის მიერ არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე გაკეთებული განცხადება საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში ეჭვებს ვერ ფანტავს? არსებობს თუ არა საბოტაჟის ნიშნები პროკურაურის მხრიდან მმართველ გუნდის წინააღმდეგ? ამ თემებზე sazogadoeba.ge-ს იურისტი, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ესაუბრება:

-ბატონო გელა, თქვენ, როგორც იურისტს, კითხვის ნიშნები თუ გრჩებათ ეროსი კიწმარიშვილის გარადაცვალების საქმეზე საქართველოს პროკურატურის განცხადებებთან და არგუმენტებთან დაკავშირებით?

-ამ საქმესთან დაკავშირებით ზოგადად, კითხვის ნიშნები არსებობს და მე ვფიქრობ, ალბათ დიდხანს იარსებებს. ერთ მხრივ, ცოტა ძნელი წარმოსადგენია ადამიანმა მანქანა დაქოქოს, ქამარი გადაიჭიროს და მერე თავი მოიკლას, ამავე დროს, წინა დღეებში ვიღაცეებს უყვებოდეს თავის სამომავლო გეგმებზე. ანუ, ობიექტურად ეს ადამიანი თვის მოკვლას არ აპირებს. მეორე მხრივ, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ადგილზე მეორე პირის არსებობა გამორიცხულია, თანაც ეს ექსპერტიზა ოჯახის ინტერესებს წარმოადგენდა და ალბათ, მის კვალიფიციურობასა და ობიექტურობაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს.

არ არსებობს ვიდეოთვალის ჩანაწერი, არ არსებობს არაფერი ხელჩასაჭიდი იმისა, რომ ეს ადამიანი მოკლულია. ცნობილია, რომ წინა დღეს მან შეიძინა იარაღი, იმ შუშაში სხვა ხელს ვერ შეყოფდა, ხოლო თუ შეყოფდა და ისე ესროდა, მაშინ სავარძლის სისხლით მოსვრილ ნაწილს დაფარავდა. ერთი სიტყვით, სამართლებრივად ისეთი ნიუანსებია დაზუსტებული, რომ გამორიცხულია მკვლელობა ყოფილიყო. საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, 600-მდე მოწმე დაკითხულია, ამიტომ სამართლებრივი კუთხით არ არსებობს ხელმოსაჭიდი საფუძველი იმისა, ვიფიქროთ, რომ ეს არ არის თვითმკვლელობა და არის მკვლელობა. თუმცა, ის რაც მე დასაწყისში გითხარით, ეჭვებს ბადებს, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ მისი გასაბათილებელი რაიმე კონკრეტული ფაქტი არ მოიძებნა, ეს ეჭვები ყოველთვის იარსებებს. თუმცა, სამართლებრივად ალბათ ვერასოდეს ვერ დადასტურდება, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. აი, ეს შემიძლია გითხრათ.

-თუ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ, რას ნიშნავს მთავარი პროკურატურის მიერ არჩევნების წინ გაკეთებული განცხადება საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში ეჭვებს ვერ ფანტავს, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ნაცმოძრაობა და მათი მხარდამჭერები არცთუ ირიბად ხელს ივანიშვილისკენ იშვერენ? ეს ყველაფერი ხომ მათ წისქვილზე ასხამს წყალს?

-მოგახსენებთ, ესეც იმ ოპერიდან არის, რომელსაც ჰქვია მუდმივი ეჭვი და მუდმივი „არ მჯერას“ ძახილი. მე მესმის, რომ ეჭვი შეიძლება არსებობდეს და მეც შეიძლება მქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეჭვი საფუძველს მოკლებული მგონია. რაში აწყობდა ივანიშვილს თუ დღევანდელ ხელისუფლებას ეს? კიწმარიშვილი მთელი თავისი არსით, ბოლო წლებში ნაციონალური მოძრაობის ოპოზიცია იყო. ადამიანი შეიძლება ერთ წუთში აღმოჩნდეს აფექტში.

-პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავთ აღნიშნულ საქმეში?

-მე ამას პოლიტიკას არ დავუკავშირებდი. გასაგებია რომ პოლიტიკოსები ცდილობენ ან ერთ, ან მეორე მხარეს გაიშვირონ თითი, მთელი ცხოვრება დარჩება ეჭვი, რომ მოკლეს, მაგრამ როგორც ჩანს, სამართლებრივი კუთხით ეს ვერასდროს ვერ დადასტურდება. არის ასეთი საქმეები ბუნებაში. მე უფრო პოლიტიკური ვაჭრობის საგნად ჩვთვლიდი ამ საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანს. არ მესმის, ვის ინტერესებში შეიძლება შესულიყო ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება. რუსთავი 2-მა კიწმარიშვილის შემდეგ ძალით, ნებით, დაყვავებით თუ მოტყუებით უამრავი მფლობელი გამოიცვალა. თავის დროზე მას ამაში ფული გადაუხადეს და წავიდა ამერიკაში და სახლი იყიდა, მიიღო თანამდებობა. ეს ყველაფერი მან რუსთავი2-ში გაცვალა, ნებით იყო თუ ძალით, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ თანხა გადაუხადეს, შეიძლება ეს არ იყო ადეკვატური და აიძულეს, მაგრამ ყოველშემთხვევაში, მას თავისი წილი მიღებული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2 კიწმარიშვილის შექმნილი იყო, თუ ვინმეს ყველაზე ნაკლები პრეტენზია შეიძლება ჰქონოდა ამ ტელევიზიაზე, ეს იყო კიწმარიშვილი. იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც რუსთვი2 გადაუფორმა, მან მიიღო დივიდენდები თამანმდებობის თუ სხვადასხვა პრივილეგიების სახით.

-პროკურატურას რომ დავუბრუნდეთ, თქვენ ამ საქმეში მმართველი გუნდის წინააღმდეგ საბოტაჟს გამორიცხავთ?

-მე იურისტი ვარ და მხოლოდ იურიდიული კატეგორიებით შემიძლია მსჯელობა. საბოტაჟი იქნებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი რაღაც საპროცესო მოქმედებას არ გაატარებდნენ, როდესაც ყველა მოქმედება ჩატარებულია, ეს საბოტაჟი არ არის. პროკურატურამ საქმის გახსნა კი არ გამოაცხადა, თქვა, რომ თვითმკვლელობის გარდა მკვლელობის არანაირი არგუმენტი არ დადასტურდაო. ყველამ თავისი თავი წარმოიდგინოს მათ ადგილზე, თქვენ ხართ გამომძიებელი, ფიქრობთ, რომ მკვლელობაა და ვერაფერი იპოვეთ დამადასტურებელი. შეიძლება მკვლელმა ყველაფერი ისე გააკეთა, რომ კვალი არ დატოვა და პროკურატურამ რა უნდა თქვას ამ შემთხვევაში? იცით რა, მე მგონია მკვლელობა იყო, მაგრამ ვერ ვიპოვეო? როდესაც სამართალში არ არის კვალი, ეს ნიშნავს რომ არ არსებობს, თორემ ეჭვი სოციალურ დონეზე, სამზარეულოში და ტრანსპორტში ჭორაობის დონეზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის დარჩება. ეს ეჭვი მეც მრჩება, მაგრამ როგორც იურისტი და სამართალმცოდნე იმ ადამიანებს ვერ შევედავები, რომლებიც ამბობენ, რომ მკვლელობის საფუძველი არ არსებობს. თუ არ არის საფუძველი, ხომ ვერ იტყვიან, რომ არის?

-საბოტაჟთან დაკავშირებით შეკითხვები საზოგადოებაში კოჰაბიტაციიდან გამომდინარე შედეგებიდან ჩნდება…

-სხვა საქმეში შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ აქ მე ვერ ვხედავ. თავისი სიცოცხლის ბოლო თვეებში კიწმარიშვილმა მკვეთრი ნაბიჯები გადადგა, ვალებიც აიღო, იმედები ჰქონდა, რომ რუსთავის მერად იყრიდა კენჭს, სტრესის ქვეშ იყო, მისი ახლობლებიც ლაპარაკობენ ამას. წინა დღეს იარაღი შეიძინა, ვინ აიძულებდა იარაღი ეყიდა და მეორე დღეს იმავე იარაღით მოეკლათ? ფაქტია, რომ თვითონ შეიძინა. ბევრი სამართლებრივი ნიუანსი არის იმის სასარგებლოდ, რომ მან თავი მართლაც მოიკლა. სამწუხაროა ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ რას იზამ, ზოგიერთი რაღაც აუხსნელია. ადამიანი რა წუთში რა გადაწვეტილებას მიიღებს, არავინ იცის, არაფერია გამორიცხული. რომ ამბობენ, მანქანა დაქოქილი ჰყავდა, ქამარი გადაჭერილიო, ამას შეიძლება მეორე მხრიდანაც შეხედო. მითუმეტეს, თუ მანქანა დაქოქილი იყო და ადამიანი ხედავდა რომ იარაღს ადებდნენ, ხომ არ გაქვავდებოდა, მოდი მესროლეო, ან ხელს წაუკრავდა, ან მანქანას დაძრავდა, ამ კუთხითაც შეიძლება შეხედო. ისიც კი ითქვა დღეს, რომ ვიღაცამ იქნებ ჯოხზე გამობმული ლულა შეყო, მიადო საფეთქელზე და ესროლაო. კითხვის ნიშანი, რა თქმა უნდა, ბევრი არის, მაგრამ სამართლებრივი კუთხით მე კითხვები არ მრჩება. როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ხელოვნურად მას ვერ შექმნი და ციდან ვერ ჩამოიტან, ამიტომ იძულებული ხარ თქვა, რომ მკვლელობის ნიშნები არ არსებობს და ეს იყო თვითმკვლელობა.
წყარო:sazogadoeba.ge

Comments
Loading...