გერმანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგ გამოდის

გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ძალები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგ გამოდიან. როგორც გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს, შესაბამისი განცხადებები ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკში გაკეთდა, რომლის თავმჯდომარეც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია.

გამოცემასთან საუბარში ბლოკის წარმომადგენელი, ბუნდესტაგის დეპუტატი არმინ შუსტერი აცხადებს, რომ თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან, გერმანიაში ორგანიზებულ დანაშაულში სხვა უცხოელებზე მეტად არიან ჩართული.

შუსტერის თქმით, ქართული კრიმინალური დაჯგუფებები გერმანიაში წამყვან ძალად იქცნენ, რომელიც ბინების ძარცვებით არის დაკავებული.
დეპუტატი მოსაზრებას გამოთქვამს, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესება გერმანიაში კრიმინალის გაზრდას შეუწყობს ხელს.
თავის მხრივ, დეპუტატი ჰანს-პეტერ უჰლი „ბილდთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამჟამად საქართველოსთვის ვიზების გაუქმებაზე თუ ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის.

მისი მოსაზრებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება გერმანიაში უკონტროლო მიგრაციას და კრიმინალის ზრდას, ხოლო საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

გერმანიის სისხლის სამართლის საქმეების ფედერალური უწყების ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს გერმანიაში ბინის ძარცვის 167 000 ფაქტი განხორციელდა, აქედან უმრავლესობა სწორედ ქართულმა მაფიამ ჩაიდინა.

როგორც გერმანიის კრიმინალური პოლიციის მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე ანდე შულცი „ბილდთან“ საუბარში აცხადებს, ქართული მაფია „მიზანმიმართულად აგზავნის საქართველოდან გერმანიაში კრიმინალებს“, რის შემდეგაც აღნიშნულ პირებს პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე შეაქვთ განაცხადი და სანამ შესაბამისი სტრუქტურა მათ საქმეს განიხილავს, დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადიან.
წყარო:ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...