გერმანიის ხელისუფლება თურქ პოლიტიკოსებს ქვეყანაში შესვლის აკრძალვით ემუქრება

გერმანიის მთავრობის იტოვებს უფლებას თურქ პოლიტიკოსებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს. გამოცემა Die Zeit-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის ხელმძღვანელმა, პიტერ ალტმაიერმა განაცხადა.

“ქვეყანაში შესვლის აკრძალვა უკანასკნელი საშუალება იქნება. ჩვენ მისი გამოყენების უფლებას ვიტოვებთ, “- განაცხადა მან და აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერის ოფისს საერთაშორისო სამართალში საკუთარი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ ამოუწურავს.

ალტმაიერმა ასევე დასძინა, რომ გერმანიის მთავრობა “ნაცისტებთან შედარებას და გროტესკულ (უცნაური, კომიკურ-ფანტასტიური) განცხადებებს არ შეეგუება“.

ბერლინსა და ანკარას შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყანაში ორ თურქ პოლიტიკოსს აქციის გამართვის უფლება არ მისცა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნული ქმედებები ნაცისტების პოლიტიკას შეადარა.

14 მარტს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ბერლინი ანკარის მიერ გერმანიის ტერიტორიაზე 4.5 ათასი ექსტრემისტის წინააღმდეგ წარდგენილ საქმეს ჯერ კიდევ არ გამოხმაურებია. “ქალბატონო მერკელ, თქვენ ტერორისტებს უჭერთ მხარს”, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის ბრალდებებს გერმანიის კანცლერის სპეციალური წარმომადგენელი, სტეფან ზაიბერტი გამეხმაურა და მას აბსურდული უწოდა.
ipress.ge

Comments
Loading...