გია ხუხაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად

“ირაკლი ღარიბაშვილი ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, მისთვის მძიმე ტვირთი აღმოჩნდა გამოწვევებზე ღირსეული პასუხის გაცემა“ – განცხადება ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა guardian.ge-სთან საუბარში, სამთავრობო ცვლილებებზე კომენტირებისას გააკეთა. ხუხაშვილის თქმით, საზოგადოებრივი კონსოლიდაციისთვის პოლიტიკურად უფრო კორექტული ადამიანები არიან საჭირო.

“ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოსტის დატოვება მოსალოდნელი იყო, მოვლენების ლოგიკა ამას ამწიფებდა. ჩვენ ქვეყანაში გვაქვს მენეჯერული კრიზისი, იგივე ეფექტური მართვის თვალსაზრისით, მდორე დინამიკა – ეს კარგად ჩანს. შესაბამისად, სისტემური ცვლილებები იყო საჭირო. ეს სისტემური ცვლილებები კი იწყება მთავრობის შემადგენლობის ცვლილებით“- აღნიშნა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლა ხომ არ უკავშირდება კოალიციის შიგნით „რესპუბლიკელებისა“ და ღარიბაშვილის დაპირისპირებას, ხუხაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იყო მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური და მას კავშირი არ აქვს რაიმე ტიპის დაპირისპირებასთან.

„წინასაარჩევნოდ, აუცილებელია ახალი ადამიანები. საჭიროა, კომუნიკაციების აწყობა სხვადასხვა ჯგუფებთან, ღარიბაშვილს კი ამ ჯგუფებთან საკომუნიკაციო ხიდები დამწვარი ჰქონდა, იგივე თავისი შეფასებებით, თავი დამოკიდებულებებით. საზოგადოებრივი კონსოლიდაციისთვის საჭირონი არიან პოლიტიკურად უფრო კორექტული ადამიანები. ასეთებად მე დღევანდელი კოალიციის შიგნით ვიცე-პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და კიდევ რამოდენიმე ადამიანი მიმაჩნია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არასდროს აყოლიან ფეხის ხმას, ყოველთვის ჰქონდათ საკუთარი განსხვავებული აზრი და რაც ყველაზე მთავარია გააჩნიათ პოლიტიკური წონა როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ ელიტაში. „ქართულ ოცნებას“ რომ ახალი ადამიანები ესაჭიროება, ეს ფაქტია, რადგან საპარლამენტო არჩევნებში კოალიციას გამარჯვების ძალიან დიდი შანსი არ აქვს. ეს ნამდვილად პრობლემატური საკითხია. როგორ არის იცით? რაც არის სხვისი პასივი, ის „ქართული ოცნების“ აქტივია. პოლიტიკური ელიტა ფიქრობს, რომ ჩვენ გვყავს ცუდი მთავრობა, მაგრამ გვყავს უარესი ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, კოალიციას შეუძლია პოლიტიკურ ელიტას „უშველოს“ ამ კუთხით. თუმცა, ქართული საზოგადოების განწყობა ყველამ კარგად ვიცით, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მიმართ. „ქართული ოცნება“ საზოგადოებას როგორ „უშველის“ ეს უკვე ძალიან საინტერესოა. გამომდინარე აქედან, კოალიციის შიგნით, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ უნდა დაეწყოთ საკადრო ცვლილებები. მე ვფიქრობ, თუ გაიმარჯვეს არჩევნებში, შესაძლოა, კოალიცია სულ სხვა სახით, სხვადასხვა პოლიტიკური ძალებით დაკომპლექტებულიც კი ვიხილოთ“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გადადგომის შესახებ გუშინ გააკეთა. პოლიტიკურ კულუარებში, უკვე საუბრობენ მის შემცვლელზე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის პოსტზე დავით სერგეენკო, გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი ან მამუკა ბახტაძე შეიძლება ვიხილოთ.

სანამ ახალი პრემიერის ვინაობა გაირკვევა, საქართველოს მთავრობის მოვალეობის შესრულება პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა. კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერ მინისტრობის კანდიდატს და 7 დღის ვადაში პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს ოფიციალურად და მას პარლამენტს წარუდგენს.

Comments
Loading...