გია ხუხაშვილი: ვაშაძე რატომ არის თემა, ისიც არ მესმის

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ვაშაძის წასვლის ფაქტს ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი მოვლენები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისთვის დამახასიათებელია.

როგორც მან გადაცემა „პოლიტიკაში“ განაცხადა, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე, მსგავს თემებზე კომენტარი არასერიოზულია.

„ეს იმდენად წვრილმანი თემებია, იმ ფონზე, რაც ხდება ქვეყანაში, არასერიოზულად მიმაჩნია ამაზე საუბარი და საერთოდ, ვაშაძე რატომ არის თემა, ისიც არ მესმის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობდა ცოტა ხნის წინ ქვეყანაში. ეს ჩვეულებრივი პროცესია და დამახასიათებელი ამ სიტუაციისთვის. ცოტა ხნის წინ პრემიერი წავიდა და კოალიცია დაიშალა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ორი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ნიშნით მიმდინარეობს.

„სხვა მოთამაშე ქართულ პოლიტიკაში, უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს ჯერჯერობით. აქედან გამომდინარე, ვინც არ უნდა წავიდეს და წამოვიდეს, კოალიციები დაიშალოს, პრემიერ-მინისტრი უცნაურად გაქრეს – სამ დღეში საპნის ბუშტივით გასკდეს, ეს ყველაფერი არ ზემოქმედებს არც პოლიტიკურ პროცესზე და არც პარტიულ რეიტინგებზე“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, გიორგი ვაშაძის წასვლით „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი მოკლებია.

„უბრალოდ, ერთი მოლაპარაკე თავი ჩანაცვლდება მეორეთი, მეტი არაფერი მოხდება. „ქართულ ოცნებაში“ ფაქტორი მხოლოდ ივანიშვილია, ისევე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. ეს მოცემულობა გვაქვს, რომ ისინი არიან ძალის ცენტრები. პოლიტიკური პროცესი მათ ირგვლივ მიმდინარეობს, სხვა ნაციონალური მასშტაბის ლიდერი ამ ქვეყანაში არ გამოჩნდა“, – განმარტა გია ხუხაშვილმა.

Comments
Loading...