გია თორთლაძე: “რუსთავი2 “-ის დახურვით საქართველო აღმოჩნდება საინფორმაციო ვაკუუმში
“აიპრესთან” “საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის” თავჯდომარემ, გია თორთლაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერი, დავით ნარმანია უნდა გადადგეს და “რუსთავი 2” არ უნდა დაიხუროს.
“წარმოუდგენელია, რაც ხდება ქვეყანაში. ქრთამებს უკვე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდიან, თან ღიად, ყველას დასანახად. ეს ყველაფერი ოფიციალურად ფორმდება, თან მერია, ბუნებრივია, ნარმანიას თავისით ამის უნარი არ შესწევს, რომ მარტო მიიღოს გადაწყვეტილებები. კორუმპირებულ მოსამართლეს საქართველოს დედაქალაქის ბიუჯეტიდან უხდიან ფულს. რისთვის უხდიან ქრთამს? იმისთვის, რომ “რუსთავი 2” დახუროს ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც ყველაფერს ამბობს.
რამდენიმე აქცია ჩავატარეთ და მხოლოდ “რუსთავი 2”-მა გააშუქა. რატომ, რა ხდება? ხდება ის, რომ ეს ტელევიზია ხელს უშლის მოქალაქე ივანიშვილს ამიტომ მუდმივად აქვს მცდელობა, რომ ეს ტელევიზია დახუროს. “რუსთავი2 “-ის დახურვით საქართველო აღმოჩნდება საინფორმაციო ვაკუუმში. ამიტომ სანამ გვაქვს სურვილი და საშუალება, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ, ეს ბოლომდე უნდა გავაკეთოთ.
ჩვენ გვინდა, რომ ასეთი მერი არ ჰყავდეს ქვეყანას და მოქალაქე ივანიშვილი არ მართავდეს მას”,- განაცხადა თორთლაძემ.
დედაქალაქის მერიასთან “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა.
ipress.ge