გიგი წერეთელი: ჩემი პრინციპია – „მე არ ვაგებ, ვიგებ ან ვსწავლობ“

ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის მეორე ტურში დამარცხებული გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ის ანგარიშის გასწორებას არავისთვის აპირებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას გიგი წერეთელი კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც საქართველოში ტარდებოდა, წარმატებით დასრულდა და დელეგატები კმაყოფილები არიან.

„ეს კარგი ამბავია და შეიძლება, საქართველოსთვის უკეთესი ამბებიც ყოფილიყო, მაგრამ სამთავრობო გუნდმა სხვაგვარად იფიქრა. საქმის გარჩევას არ დავიწყებ, თუმცა ყველაფერი ვიცი. დიდი მხარდაჭერა მქონდა, თუმცა ბევრი დელეგატი წავიდა. ვიცოდი, რომ მეორე ტური იქნებოდა, თუმცა ჩემთვის მთავარია, რომ რეზოლუცია მიიღეს და საქართველოში ეს ღონისძიება ჩატარდა. ჩემი პრინციპია – „მე არ ვაგებ, ვიგებ ან ვსწავლობ“. ახლა ვისწავლი და ვეცდები, ეს ნასწავლი გამოვიყენო. ეს ქრესტომათიული მაგალითი იქნება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში იმის თაობაზე, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა მაშინ, როდესაც მის წარმომადგენელს შანსი აქვს, საერთაშორისო ორგანიზაციაში თანამდებობა დაიკავოს“, – აღნიშნა წერეთელმა.

წერეთელმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მიმართვები ვრცელდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, ის ვინმესთვის ანგარიშის გასწორებას არ გეგმავს. გიგი წერეთლის ცნობით, ის ორი წლის განმავლობაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში როგორც ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, ასევე, ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს და არ არის გამორიცხული, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მან საკუთარი შანსები ისევ მოსინჯოს.

Comments
Loading...