“დღეს, როდესაც ამბობ, რომ “რუსთავი 2″ საქართველოს წინააღმდეგ ნიშნავს, რომ საქართველო გაიმარჯვებს, აქ ერთადერთი დასკვნა შეიძლება, არც თავის დროზე გირგვლიანი აინტერესებდათ, არც სხვა რომელიმე დაზარალებული ადამიანი. ამათ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კარიერა, საკუთარი ჯიბის გასქელება აინტერესებდათ”,- ასე აფასებს “აიპრესთან” საუბრისას “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, “რუსთავი 2”-ის საქმეზე ბრძოლაში საქართველო გაიმარჯვებს.
უგულავას განმარტებით, ეს განცხადება იმის მანიშნებელია, რომ მთავრობას წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ადამიანების ბედი, რომელთა სარჩელები სტრასბურგის სასამართლოში იყო, საერთოდ არ აინტერესებდა.
“ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურია. ამ დონეზე უვიციც თუა ეს ხელისუფლება, სამარცხვინოა. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ვერ იპოვნის სამართალს ადგილზე, ანუ ქვეყანაში, მიდის ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში. “რუსთავი 2”-ის სარჩელი არა თუ მიიღეს, არამედ შეაჩერეს კიდეც დროებით აქაური სასამართლოს გადაწყვეტილება. იქ თუ სარჩელი მიიღეს, ყველა საქმეს ჰქვია, მაგალითად, “რუსთავი 2″ საქართველოს წინააღმდეგ და ამ საქართველოში იგულისხმება საქართველოს უვარგისი მთავრობა. ისევე როგორც ჩემს საქმეს სტრასბურგში ჰქვია გიორგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს უვარგისი მთავრობის, უვარგისი მართლმსაჯულების წინააღმდეგ”,- აღნიშნა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, ეს განცხადება ხელისუფლების უუნარობის გამომჟღავნება იყო.
მე თვითკრიტიკულიც ვიქნები. გირგვლიანის საქმეც ანალოგიურად იყო, “გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” და ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა საქართველოს მაშინდელი მთავრობა და მართლმსაჯულება. სულხან მოლაშვილიც საქართველოს წინააღმდეგ ეწოდებოდა. ანალოგიურად იყო. ამიტომ დღეს, როდესაც ამბობ, რომ “რუსთავი 2″ საქართველოს წინააღმდეგ ნიშნავს, რომ საქართველო გაიმარჯვებს, აქ ერთადერთი დასკვნა შეიძლება, არც თავის დროზე გირგვლიანი აინტერესებდათ, არც სხვა რომელიმე დაზარალებული ადამიანი. ამათ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კარიერა, საკუთარი ჯიბის გასქელება აინტერესებდათ. აი, ამ სიტყვებს როგორც კი იტყვი, უნდა გახსოვდეს სწორედ რომ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ იყო, სულხან მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ იყო. ამით მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებ, რომ საკუთარი კარიერის, კეთილდღეობის გარდა უბრალოდ, არც ერთი ადამიანი… გვამებზე გადაირბენენ და თავის მიზანს მიაღწევენ. მხოლოდ და მხოლოდ ამის დასტურია განცხადება, რომელიც კობახიძემ გააკეთა და თუთიყუშივით სხვა მაღალჩინოსნები იმეორებდნენ.
ეს არის ძალიან იაფი ტრიუკი, რომელიც გათვლილია რაღაც ხმოვან ეფექტზე, მაგრამ მის უკან დგას ხელისუფლების სრული სიბრიყვე და უუნარობა”,- განაცხადა უგულავამ.
ipress.ge