გიგი უგულავა: პირველ რიგში, მინდა, შევხვდე მიშას და ადამიანურად დაველაპარაკო

ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსულმა თბილისის ყოფილმა მერმა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ განხეთქილებაზე ისაუბრა.

გიგი უგულავას თქმით, პარტიაში დღეს არსებული ვითარება, მისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია.

„თქვენთვის ყველაზე საინტერესო და ჩემთვის, ამ წუთას, ყველაზე მტკივნეული საკითხია. აქ არიან ჩემი შვილები, ჩემი მეგობრები და მესამე, რაც გამაჩნდა, ეს პარტია იყო“, – აღნიშნა უგულავამ.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დრო ბევრ რამეს ცვლის და ესმის, რომ ძველი ურთიერთობის ფორმების აღდგენა შეუძლებელია, თუმცა, საჭიროა, ერთმანეთთან გულღია საუბარი, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ბევრი რამ აერთიანებთ.

„ძალიან ვწუხვარ იმაზე, რაც ხდება. ვაპირებ, შევხვდე მიშასაც, დაველაპარაკები და მერე, როცა საშუალება მექნება, რა თქმა უნდა შევხვდები.

მინდა ვთხოვო ყველას, შობა თენდება და მეგობრებო, საშობაო არდადეგები აიღეთ, იქნებ 2-3 დღე მაცალოთ, თუ შესაძლებელი იქნება, ეს კრიზისი გავიაროთ და მე ამაში რაიმე წვლილი შევიტანო, ძალისხმევას არ დავაკლებ.

მე მინდა, შევხვდე მიშას და ადამიანურად დაველაპარაკო, ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ძალიან ბევრი რამე გვიკეთებია ერთად და ძალიან ბევრი რამე გვაერთიანებს.

ჩვენი საერთო წარსულის ვალდებულებაა, ყველაფერი ცივილიზებული ფორმით მოხდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის ყოფილმა მერმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს საღამოს დატოვა.

Comments
Loading...