გიგი უგულავა „რუსთავი 2“-ის საქმეზე: სიტუაცია ძალიან საგანგაშოა
„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მოვლენები შესაძლოა, ძალიან სახიფათოდ განვითარდეს.
ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც უზენაესმა სასმართლომ 2 მარტს დანიშნა.
„ის, რომ პროცესი ზეპირი მოსმენის გარეშე 2 მარტს ჩაინიშნა, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მხრიდან, უკვე ძალიან ცუდია და საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი სიგნალი იმიტომ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ორ კერძო პირს შორის დავა არ არის, როგორც ამას ხელისუფლება წარმოაჩენს. მას აქვს უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესი და ეს დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე, როდესაც ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა და „რუსთავი 2“-ს მხარდაჭერა გამოუცხადა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებთ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
„სიტუაცია ძალიან საგანგაშოა. ვთვლი, რომ თუ უზენაესი სასამართლო იმ გადაწყვეტილებას გამოიტანს, რაც „რუსთავი 2“-ის პარაქტიკულ დანგრევას ნიშნავს, ეს არ არის მხოლოდ ამ ტელევიზიის პრობლემა, ეს არის მთელი საზოგადოების პრობლემა. ის პრეცედენტი, რომელსაც დიდი პალატა შექმნის, სამოქალაქო ურთიერთობებს დაანგრევს, იმიტომ, რომ არც ერთი საკუთრება ქვეყანაში ამ გადაწყვეტილების მერე, გარანტირებული აღარ იქნება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება, იმიტომ, რომ არავის სჯერა, რომ მეორე მხარე ქიბარ ხალვაშია“, – აღნიშნა უგულავამ.
უზენაესმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა 2 მარტს დანიშნა. ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის იურისტებს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს.
ცნობილია იმ ცხრა მოსამართლის ვინაობა, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავს. კერძოდ, მზია თოდუა, ნინო გვენეტაძე, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.