გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დღეს, საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ორი ქვეყნის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთ ნათელ გამოხატულებად შეაფასა.

საუბარი შეეხო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის მნიშვნელობას, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. აღინიშნა, რომ საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიებაა. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული ფორუმი პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს როლს და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიულ რეფორმებზე და ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანიის მხარდამჭერ როლს.

საუბარი შეეხო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა არჩევნების სამართლიან, ღია და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და გადადგმულია ძირეული ნაბიჯები დემოკრატიის კუთხით. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო პროცესში საერთაშორისო სადამკვირებლო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს სამძიმარი თურქეთში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. იგი მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაში.

ეუთოს საპარლამენტო ფორუმს, რომელიც დღეს თბილისში გაიხსნება, სხვადასხვა ქვეყნის 700-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.

Comments
Loading...