გიორგი კვირიკაშვილი: სლოვაკეთი საქართველოს ევრო- ატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სლოვაკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აფასებს. მისი თქმით, როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან რობერტ ფიცოსთან, ასევე პარლამენტის სპიკერთან პეტერ პელეგრინთან გამართული შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სლოვაკეთის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ.

„საქართველო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სლოვაკეთთან, რომელიც ერთერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია საქართველოსი ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე ამ მიმართულებით და რაც ჩვენთვის ყველზე მთავარია ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით”,- განაცხადა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სლოვაკეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლების მიმართულებით სამ ხელშეკრულებას, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმდა ორი ხელშეკრულება დანაშაულთან ბრძოლასა და რეადმისიის მიმართულებით თანამშრომლობას. ასევე ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროებს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში 2015 წლის 13 ნოემბერს დაიწყო. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

Comments
Loading...