გიორგი კვირიკაშვილმა თავის “გონორს” მიხედოს – ნიკა გვარამია

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აფასებს.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, კვირიკაშვილმა თავის „გონორს“ უნდა მიხედოს.

მისივე თქმით, სამარცხვინოა, როცა პრემიერი იუსტიციის მინისტრს კონტროლს ვერ უწევს, როდესაც წულუკიანი სასამართლო პროცესს მართავს.

„გიორგი კვირიკაშვილმა თავის “გონორს” მიხედოს, ფულით ნაყიდი რომ იყო და იჯდა ფრაქცია „ახალი მემარჯვენეებში“. მას საერთოდ არაფერი აქვს სალაპარაკო, სამარცხვინოა. სამარცხვინოა, როდესაც იუსტიციის მინისტრი, რომელიც ასეთ პროცესებს მართავს, იმასაც ვერ უწევს კონტროლს. უკაცრავად და “ახატია” იუსტიციის მინისტრს, რას ფიქრობს მისი პრემიერი, სასამართლო პროცესებს მართავს თვითონ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრი თეა წულუკიანია და არა გიორგი კვირიკაშვილი.

„კვირიკაშვილმა კი, რომელიც ნამდვილად ზიანდება ამ ყველაფრისგან, საკუთარი გონორი გააკონტროლოს, არაფერს რომ არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში და მის სიტყვას ჩირის ფასი რომ აქვს. თან კარგი ქლიავის ჩირის კი არა, რაიმე ტყემლის. აი, ამ გონორს მოუაროს კვირიკაშვილმა, რომელიც ნამდვილად არარაობაა პოლიტიკური თვალაზრისით და ბიძინა ივნიშვილის ჩრდილიც კი არ არის. წულუკიანია დღეს პრემიერ-მინისტრი და არა გიორგი კვირიკაშვილი“, – აღნიშნა გვარამიამ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ არ ისურვებდა, „რუსთავი 2“ შეცვლილი ეხილა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მის მიმართ პრეტენზიები ჰქონდეს.

ამასთან, პრემიერი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის სასამართლოს შეურაცხყოფს.

„მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ჩვენ გვაქვს ინსტიტუციები და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეურაცხყოფა, რომელსაც ამ ინსტიტუციებს აყენებს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რას ამბობს პრემიერ-მინისტრის მისამართით. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მეორე მხრივ, მოსახლეობა ამას უყურებს. ადამიანი, რომელსაც ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს საუბრის ასეთი გონორი დღეს, სამწუხაროდ ასე საუბრობს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...