გიორგი მამალაძის ადვოკატი სასულიერო პირის დაკავების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
მაღალი დონის სასულიერო პირის შესაძლო მოწამვლის დაგეგმვის ბრალდებით დაკავებული დეკანოზი, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ამ ეტაპზე საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან მას გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი.
“რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთრეში ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმეზე პროკურატურა ცალმხრივად ახდენს დეტალების ტირაჟირებას და სთხოვს უწყებას მოუხსნას მას ეს შეზღუდვა და მისცეს ამ საქმეზე არგუმენტების საჯაროდ წარმოთქმის საშუალება.
„დღესაც აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და მე კანონმდებლობას ასეთ შემთხვევაში ვერ დავარღვევ. უბრალოდ გულდასაწყვეტი არის ის, რომ იმპერატიული ფორმით პროკურატურისაგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება ამ ადამიანის მიმართ და ჩვენ არ გვაქვს არაფერი უფლება, რომ იმ კუთხით და იმ გაგებით, რომ ჩვენ გამოვიდეთ და ჩვენი სიმართლე, როგორც ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, ჩვენ საზოგადოებას ვუთხრათ ჩვენ ჩვენი სიმართლე,“ – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მისი განცხადებით, მიუხედავად შეზღუდვისა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა სიმართლე დაამტკიცონ, რომელიც მამა გიორგის აქვს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
წყარო : primetime.ge