გიორგი მარგველაშვილი : ამ ნაბიჯით ევროპაში ინტეგრაციის ბევრად მეტი შესაძლებლობა გვეძლევა
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე ხელმოწერა ევროპაში ინტეგრაციის თვალსაზრისით წი ნ გადადგმული ნაბიჯია.
„მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს ეს წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მეგობართა ერთობლივი მიღწევაა.
ამ ნაბიჯის შედეგად ჩვენ ევროპაში ინტეგრაციის ბევრად მეტი შესაძლებლობა გვეძლევა იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ერთობლივად მუშაობს და რომელიც ევროპაში სრულ ინტეგრაციას გულისხმობს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ევროპარლამენტში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ხელი მოეწერა. ისტორიულ დოკუმენტს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს ხელი.