გიორგი მარგველაშვილი: დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის ასეთი პრობლემების შექმნა, სერიოზული პოლიტიკური პრობლემაა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ”რუსთავი 2”, ისე როგორც ყველა დამოუკიდებელი და არაკონტროლირებადი მედია, ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური მდგომარეობის შემადგენელი ნაწილია.

როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, მედია აღიქმება მეოთხე ხელისუფლებად და მედიის დამოუკიდებლობა და კრიტიკულობა ქვეყნის დემოკრატიულობის შემადგენელი ნაწილია.

„კითხვები არის ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული, თუ ქვეყანაში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიას შეეზღუდება თავისი საქმიანობა, ბუნებრივია, ეს იქნება პრობლემა არა ერთი რომელიმე არხის, არამედ ეს იქნება პრობლემა ქვეყნის დემოკრატიულობასთან მიმართებაში. ეს არის ის კითხვები, რომელიც არ ჩამოსულა დაბლა ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგებიდან. ამ კითხვების მიმართ მიდგომა, სენსიტიურობა ჩვენი პარტნიორების მიმართ არ განელებულა არც ერთ ეტაპზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, ქვეყანაში დემოკრატიიის და სხვადასხვა ინსტიტუტების მდგრადობა, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილია.

„ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა, ადამიანის უფლებები, მედიაპლურალიზმი, პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება და ინსტიტუტების მდგრადობა- ეს ყველაფერი ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილია.

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ხაზგასმით არ გავაკეთებ. რადგანაც ეს სასამართლო პროცესში ჩარევა იქნება, ამიტომ საქმის პოლიტიკურ ნაწილზე ვისაუბრებ- სამწუხაროდ, ამ სასამართლო პროცესს თან ახლდა,  ძალიან მძიმე პოლიტიკური შემადგენელი რომელიც ჩვენ ღია ეთერით გვესმოდა. პოლიტიკოსების მხრიდან

ღია ჩარევა და მძიმე შეფასებები გვესმოდა, ჩარევა განცხადებების ფორმით.

ამ პროცესის პოლიტიკური ნაწილი კი მდგომარეობს იმაში, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის ასეთი პრობლემების შექმნა, სერიოზული პოლიტიკური პრობლემაა. სხვა დეტალები სასამართლო დავის თემაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

Comments
Loading...