გიორგი ყარამანიშვილი: მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“- ის წილის ერთ-ერთი მფლობელი გიორგი ყარამანიშვილი  უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული  გადაწყვეტილების სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

როგორც ყარამანიშვილმა  „რუსთავი 2“- თან განაცხადა,  ტელეკომპანიასთან დაკავშირებული პროცესი თავიდან  ბოლომდე პოლიტიზირებული იყო.

„მთელი საქართველო აკვირდებოდა იმ პროცესებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართულ სასამართლოში. „რუსთავი 2“ -თან დაკავშირებული პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო. ხელისუფლების მიერ ორ კერძო სუბიექტს შორის დავად მონათლულ პროცესს არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალობასთან. ამ ორ სუბიექტს, კერძოდ ჩვენ და ქიბარ ხალვაშს, არასდროს არანაირი ურთიერთობა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არ გვქონია. მაშინ როდესაც ჩვენ გავხდით მფლობელები, არავითარი სამართლებრივი დავა და პრეტენზიები კომპანიასთან დაკავშირებით არ არსებობდა.

მიუხედავად ამ აბსურდისა, ქართულმა სასამართლომ,  მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ერთბაშად გაანადგურა საქართველოში სიტყვის თავისუფლების, საკუთრების და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამიტომ ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენი სარჩელები. მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სარჩელის შეტანამდე გამოიყენოს დროებითი ღონისძიება და შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება“, – განაცხადა გია ყარამანიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ 100%-იანი წილის მფლობელია. განჩინების მიხედვით, „რუსთავი 2-ის” 60%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობილია ხალვაში, ხოლო 40% კი მის კუთვნილ შპს „პანორამას“ გადაეცა.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა ყარამანიშვილების წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

Comments
Loading...