გიორგი უძილაური: როცა მხარდამჭერები ვერ ნახა, „რუსთავი 2“-მა ღმერთიც იწამა მრევლის მოსაზიდად, როცა მაინც არ დაუჯერეს, გაიბუტა და გაითიშა

„ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს:

„როცა დვალს „რუსთავი 2“ აახიეს, არხი დუმდა, როცა ხალვაშს აყიდინეს, მაშინაც დუმდა. როცა ხალვაშსაც წაართვეს, მაშინაც დუმდა როცა „ნაცების“ ტელევიზიად იქცა, მაშინაც ხმა არ ამოუღია. როცა ქვეყანაში პროტესტი და ოპონირება სიცოცხლის ფასის ტოლი იყო, „რუსთავი 2“ ჩუმად იყო, როცა სისხლიან რუსთაველზე სააკაშვილმა კონცერტი მოაწყო, „რუსთავი 2“ კუნტრუშს აშუქებდა.

როცა სულხან მოლაშვილს ციხეში ცოცხლად ალპობდნენ „რუსთავი 2“ გირგვლიანის მკვლელებს აპრავებდა, როცა „იმედს“ არბევდნენ, გადატრიალებაზე ლაპარაკობდა. როცა ერი 9 წელი მუხლებზე იდგა, “დემოკრატიის შუქურას” აჩვენებდა.

როცა არხის რეალურმა პატრონებმა მოითხოვეს წართმეულის დაბრუნება, გაბრაზდა და უცებ ობიექტურობაზეც კი გამოთქვა პრეტენზია. როცა სასამართლოში მივიდა საქმე, „რუსთავი 2“ შანტაჟზე გადავიდა, როცა მხარდამჭერები ვერ ნახა, „რუსთავი 2“-მა ღმერთიც იწამა მრევლის მოსაზიდად, როცა მაინც არ დაუჯერეს, გაიბუტა და გაითიშა.

როცა წარმოვიდგენ, რა იქნებოდა დღეს მის ეთერში, 2012 წლის არჩევნებში სააკაშვილი რომ არ დამარცხებულიყო, ვხედავ იგივეს, რაც იყო „ნაცების“ ზეობისას და რის გაბაიბურებასაც ასე ცდილობს არხის უზურპატორი ნაჯალათარი ხელმძღვანელობა.

„ნაცებისგან“ მართული „რუსთავი 2“ არაფრით განსხვავდება თავად „ნაცებისგან“ და ხვალაც მზად არის გარემოებისამებრ ან ჯოჯოხეთი დახატოს სამოთხედ ან საზოგადოება დააბრუნოს საინფორმაციო ტერორში.

როგორც არ უნდა იყოს, „ რუსთავი 2“ მსოფლიო პოლიტიკის და მასების ფსიქოლოგიის ისტორიაშია შესაყვანი იმის საჩვენებლად, თუ რამხელა გავლენა აქვს არა თავისუფალ, არამედ პარტიულ მედიას და რამდენად შეუძლია ერთი პარტიული არხის საინფორმაციო მანიპულირებებს მთელი საზოგადოების ფსიქიკის მორყევა. რ2-ს ერიხ ფრომი ცალკე ნაშრომს მიუძღვნიდა.

არ ვიცი, როგორ დასრულდება სასამართლო პროცესი, მაგრამ „რუსთავი 2“ ეკუთვნის მის რეალურ მეპატრონეებს, რომლებსაც წაართვეს არხი და იმ ხალხს აქვს უფლება სასამართლოთი მოითხოვონ წართმეული.

ტელევიზიის დღევანდელი ხელმძღვანელობა ამ უფლებას ებრძვის, იმიტომ რომ ასევე იქცეოდა მისი უფროსი პრეზიდენტობისას“, – წერს უძილაური.

Comments
Loading...