სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანებს ციხეში არ უნდა იჭერდნენ და არც ჯარიმა უნდა იყოს.
როგორც ვაშაძე „აიპრესთან“ საუბრისას აღნიშნავს, სახელმწიფომ ლეგალიზების ფორმებზეც უნდა იფიქროს.
აქვე ვაშაძე ამბობს, რომ მას თავად მარიხუანა დიდად არ მოსწონს. ახალგაზრდობაში აქვს გასინჯული, თუმცა მისთვის ღვინო უფრო სასიამოვნოა.
მარიხუანას დეკრიმილიზაციაზე რას ფიქრობთ?
მე მგონი ამ თემაში სადისკუსიო არაფერია. საზოგადოება შეთანხმებულია, რომ მისი დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. შემდეგ უკვე მის ლეგალურ გამოყენებაზეც უნდა ვიფიქროთ. მარტო დეკრიმინალიზაცია მოვახდინოთ და მისი გამოყენების, ლეგალური ფორმა არ ვიცოდეთ, ეს აბსურდია. თუმცა, მე ფორმები არ ვიცი, ამ თემაზე არ მიმუშავია.
ციხე რომ არ უნდა იყოს ცალსახაა, ასევე არ უნდა იყოს ჯარიმა. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ალკოჰოლი აგრესიულობას იწვევს, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი კი ძალიან მშვიდია და კარგ ხასიათზეა. ასე ჩანს გარედან.
თქვენ არ გაგისინჯავთ?
ახალგაზრდობაში გამისინჯავს. მომეწონა-მეთქი ვერ გეტყვით. ვფიქრობ, რომ მთლად ვერ აკონტროლებ შენს ქმედებებს. ზედმეტად კარგ ხასიათზე ხარ ადამიანი. აშშ-ში უკვე შტატები იღებენ გადაწყვეტილებებს. სან ფრანცისკოში ქუჩაში ყველგან მარიხუანას სუნი იყო. გადავირიე, რა ხდება-მეთქი?! ცივილიზაცია აქამდე მივიდა.
არ გქონდათ ცდუნება, რომ თქვენც გაგესინჯათ?
არ მომსვლია აზრად. სიმართლე გითხრათ, საღამოს ვახშამზე რამდენიმე ჭიქა ღვინო მირჩევნია. ჩემთვის უფრო სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. მაგრამ, ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს. ვისაც უნდა მოწიოს, ეს მძიმე ნარკოტიკი არ არის.
ვიმეორებ, ლეგალიზაციის სფერო უნდა იყოს. როგორ შეიძლება, შეიძინოს, მოწიოს. ეს ეკონომიკის ნაწილიც შეიძლება გახდეს. ამდენი ტურისტი ჩამოდის, ბოლო პერიოდში თბილისმა თავისი ღამის ცხოვრებით ძალიან გაითქვა სახელი. სჯობს ნაკლებად მავნე მარიხუანა იყოს ლეგალიზებული, ვიდრე ამ შეზღუდვებით უფრო მძიმე სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს უხსნიდე გზას. ამ დროს აღარ იქნება ცდუნება, რომ მაინც არალეგალურია და უფრო მძიმე ნარკოტიკი შემოიტანოს.
ipress.ge